“ზურა დოიჯაშვილს თბილისში აღარ აქვს საცხოვრებელი…” – მომღერლის მეგობრები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ
ცნობილი მომღერლისა და კომპოზიტორის, ზურა დოიჯაშვილის მეგობრები თბილისის მერ კახი კალაძეს დახმარებას სთხოვენ. დოიჯაშვილის დასახმარებლად, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაშია, მეგობრები ქალაქის მერს სთხოვენ, მომღერლის ოჯახს დედაქალაქში საცხოვრებელი ფართი გადაეცეს, რადგან დოიჯაშვილს საქართველოში საცხოვრებელი აღარ აქვს: ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს ქართველი მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის – ზურა დოიჯაშვილის მეგობრების
ბ-ნო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდავო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი – ზურა დოიჯაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ.
რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან: ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ისინი 1 წლის წინ დარჩნენ ამ მდგომარეობაში და ოჯახით მოუწიათ ისრაელში გადასვლა. ზურას ოჯახს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი, – გთხოვთ, თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე.
ხელს ვაწერთ…………….