გაგიგონიათ გამოთქმა – “ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო”? ნამდვილად არის ძვირფასო მამაკაცებო, ამ ნათქვამში ჭეშმარიტების ერთობ დიდი და რაციონალური მარცვალი. ზოგადად, ჭკვიანმა კაცმა არასოდეს უნდა დაასრულოს ქალთან ურთიერთობა კონფლიქტით. იმიტომ რომ, ამქვეყნად ალბათ არავინაა მიტოვებულ და გაავებულ ქალზე უფრო საშიში… მით უმეტეს, თუ თქვენ იგი უბოდიშოდ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვეთ. გაგაცნობთ ყველაზე სახიფათო სამ “ამორძალს”, რომელთან უთანასწორო სასიყვარულო თამაშსაც ასტროლოგები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, მკაცრად არ ურჩევენ.
ვერძი – რაც არ უნდა ნაზი და უმწეო მოგეჩვენოთ იგი პირველ პაემანზე, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მას მამაკაცური ენერგეტიკის მქონე, აგრესიული პლანეტა მარსი მართავს. ამიტომ არ ღირს ვერძ ქალთან თამაში. თუმცა, სანამ იგი თქვენს ორპირობას ამოიცნობს, ალბათ დიდი დრო გავა. იმიტომ რომ, ბუნებით საკმაოდ უეშმაკო და ალალია. შესაბამისად, თქვენი ხასიათის ცუდი თვისებები მისთვის თვალშისაცემი მალე ვერ გახდება. ნუ გამოიყენებთ ვერძის გულწრფელობას ბოროტად, იგი ოდესმე აუცილებლად გააცნობიერებს ამას, გააცნობიერებს და აუცილებლად გამოგიწვევთ დუელში, სადაც გამარჯვებული საეჭვოა, რომ თქვენ გამოხვიდეთ. მას
არაფრად უღირს მოგიწყოთ სახალხო სკანდალი, დაგიპირისპირდეთ სამსახურებრივად ან უბრალოდ, ერთი-ერთზე გაგიმართოთ მუშტი-კრივი (რისი მონაცემებიც ბევრ ვერძ ქალს ნამდვილად აქვს).
კირჩხიბი – ერთი შეხედვით დამყოლი, ჩუმი და გამგებიანი ჩანს. თუმცა, მამაკაცები ხშირად ცდებიან, როცა ჰგონიათ, რომ კირჩხიბი ქალის მოთმინება უსაზღვრო და ყოვლისმომცველია და რომ იგი მათ ნებისმიერი სახის სისაძაგლეს აპატიებს მუდამ. კირჩხიბი იშვიათი შურისმაძიებელი და მანიპულატორია. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ თქვენ მასთან ზომაზე მეტად “გადაამლაშეთ”, ის აუცილებლად დაგეგმავს ცივი გონებით თქვენი განადგურების გეგმას. ოღონდ ვერძი ქალივით ამაყად კი არ გამოგიწვევთ ღია დუელში… უბრალოდ და მარტივად, მოკრძალებული სახით მოგკლავთ და დაგასამარებთ. თუ ფიზიკურად არა, მორალურად მაინც.
მორიელი – ყველაზე საშიში მეტოქეა ჩამოთვლილ ქალებს შორის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მორიელს არც ვერძივით იმპულსურად ახასიათებს მამაკაცზე გადამტერება და არც კირჩხიბივით ბუტიაა, საიმისოდ, რომ რაღაც უმნიშვნელო დეტალის გამო ამოგიჩემოთ. ის რომ გააბრაზოთ, სერიოზული ნაძირალა უნდა იყოთ. თუმცა, “ხურდა”, რომელსაც მორიელი დაგიბრუნებთ მერწმუნეთ, ერთობ შთამბეჭდავი იქნება. თან რაც ყველაზე მთავარია, – ამ ქალს უკან დახევა არ ახასიათებს. მაშინ, როცა შურისძიების გეგმა მოჰყავს სისრულეში. მაშინ, როცა ვერძსა და კირჩხიბს გულწრფელი ბოდიშით ან თავის შეცოდებით აუჩუყებთ გულს, მორიელი თქვენს ამგვარ მცდელობას სფინქსის სიმშვიდითა და ნებისყოფით შეხვდება. როგორც იტყვიან, “ბოლომდე ამოგთხრით” და ამას არც არასოდეს ინანებს ცხოვრებაში.
წყარო: http://www.astrologi.ge