ნოემბერი ძალაში შედის და სიმძაფრესაც იძენს, როგორც პერიოდის მმართველ მორიელის ზოდიაქოს შეეფერება. თუმცა, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებთან ერთად, მორიელის პერიოდს შეუძლია ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აქცენტები დასვას პირადი ურთიერთობების კუთხით. ამიტომ, დღეს ზუსტად იმ თემაზე ვილაპარაკებთ ვისთვის იქნება ჭეშმარიტად “ტკბილი” მიმდინარე ნოემბერი.
გამომდინარე იქედან, რომ ჯერ კიდევ სიყვარულის პლანეტა ვენერა ქალწულის ზოდიაქოს გადის და მარსიც იქვეა (ასტროლოგიურად ქალური და მამაკაცური საწყისის აღმნიშვნელი ე.წ. “გენდერული” პლანეტები) ნოემბრის შუა პერიოდამდე, პირად ცხოვრებაში კარგი დროა მათთვის, ვინც ურთიერთობებს გონების კარნახითა და პრაგმატულად ეკიდება. თუკი თქვენი კავშირები გარკვეულ გათვლას ან უბრალოდ კომფორტულ კომუნიკაციას ეფუძნება, ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეგიძლიათ ამ ურთიერთობებით დატკბეთ და გაცილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგათ – დაოჯახდეთ მაგალითად და ეს ნაბიჯი იქნება აბსოლუტურად საღად გააზრებული კომპრომისი თქვენი და თქვენი პარტნიორის მხრიდან. მიმდინარე პერიოდში უმართლებთ ქალწულებს, ლომებს, სასწორების ნაწილს და მორიელებს ვინც ზოდიაქოს ამ ნიშნის პირველ დეკადაში მოევლინა ქვეყანას.
აი, უკვე ნოემბრის მეორე ნახევარში კი დგება პერიოდი, როცა მარსი და ვენერა მწყობრად ფეხშეწყობილი გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გავითვალისწინებთ მორიელის გავლენას პერიოდზე საკმაოდ გახშირდება რომანტიკულ-ვნებიანი ელფერით გალამაზებული ურთიერთობების დაწყების შანსი. ეს ის დროა, როცა ძლიერდება ესთეტიკური აღქმა და მოთხოვნილება ყველაფერი გამოხატული იქნეს ლამაზად, ამიტომ ურთიერთობებსაც აუცილებლად დასჭირდება ეფექტური “შეფუთვა”. საუკეთესო პერიოდი სასიყვარულო კუთხით უდგათ ტყუპს, კუროებს, მერწყულების ნაწილს და თხის რქებს, რომელთაგან ბევრმა შესაძლოა ზუსტად ნოემბრის მიწურულისკენ მიიღოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
წყარო: www.astrologi.ge