ზოდიაქოს ნიშნების შურისძიება

ვერძი შურს არასოდეს იძიებს, იმიტომ რომ დიდხანს არ ამახსოვრდება წყენა, მაგრამ თუ მაინცდამაინც მის ნერვებზე თამაში გადაწყვიტეთ, ჯერ სირბილში ივარჯიშეთ, თორემ აფექტის მდგომარეობაში მარტივად ვარდება და ,,ხელის შემობრუნება იცის”. ბლაგვი საგანი თავში არა მგონია გესიამოვნოთ!
კურომ იცის ცხოვრების ფასი, შურისძიების წყურვილით ხასიათის მოწამვლა არ სურს, არც კონფლიქტში შედის მარტივად და ბევრს ითმენს, მაგრამ მაინც არ გირჩევთ ენდოთ მის სიმშვიდეს. დამდგარ წყალში მეტი რამე ფუთფუთებსო, ხომ გაგიგიათ. თუკი წითელი ალამი დიდხანს უფრიალეთ, თვითონაც ვერ მიხვდება ისე აევსება მოთმინების ფიალა და ერთ დღესაც, ჩვენი “ბუნჩულა ბოჩოლა” თავის ლამაზ რქებზე არც ისე ლამაზად წამოგიცვამთ..
ტყუპები ნევროზული ხალხია. ერთ რამეზე დიდხანს კონცენტრაცია უჭირთ და დიდხანს ვერც იმაზე იფიქრებენ, როგორ გადაგიხადონ სამაგიერო. ამიტომ მათი შურისძიება არ არის ღრმა და კარგად დაგეგმილი, თუმცა არც ერთჯერადია. პერიოდულად, როცა რაღაც ან ვიღაც თქვენს თავს გაახსენებს, რამე მავნებლობას გაგიკეთებთ, მაგალითად, თქვენს ფეისბუქს გატეხავს და თქვენ ნაცვლად რამე სულელურ სტატუსებს დაწერს, ან თუ ასე მაგარი ჰაკერი არ არის, ვოლზე დაგიპოსტავთ თქვენზე გაგებულ საშინელ ჭორს… მეტი არაფერი.
კირჩხიბი და შურისძიება? როგორ გეკადრებათ, ასეთი რამ თავში არასოდეს მოსვლია. სამაგიერო ალბათ ცხოვრებამ მოგიზღოთ. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს? …და დაისაჯეთ… მერე რა, რომ თვითონაც მიეხმარა ღმერთს, ცოტა… არა, ძალიან… თითქმის თავის თავზე აიღო ღმერთის ვალდებულების შესრულება, ოღონდ ამის შესახებ მარტო მან და ღმერთმა იციან.
ლომი გულღრძო არ არის, თუ მის სიამაყეს არ შეეხეთ, ყველაფერს გაპატიებთ, მაგრამ როცა თავმოყვარეობა ელახება, ყველაფერს გააკეთებს რეპუტაციის აღსადგენად. მთელ თავის შემოქმედებით უნარს ჩართავს, რომ თავისი ძალა დაგანახოთ. ის დრამის მეფეა/დედოფალია, ეფექტების დიდოსტატი. შეიძლება ბოლოს გაპატიოთ კიდეც, ოღონდ მხოლოდ მის წინაშე დაჩოქილს.
ქალწული სულ რომ არ გერჩოდეთ არაფერს, ხანდახან ისეც აუტანელია. რომ უყვარხარ და გეხმარება, მაშინაც კი მიწასთან გასწორებს, ჰოდა, გადაკიდებას არ გირჩევთ. ზუსტი და მეთოდურია, თქვენი ყველა ნაკლი იცის და გაბრაზებულზე იმასაც დაინახავს, რაც არ არის. სასწრაფოდ ბოდიში მოუხადეთ და უთხარით, რომ ყველაფერში ისაა მართალი და თქვენ ყველაფერში ცდებით, თორემ თქვენივე ალესილი ხმლით დაიღუპებით.
სასწორი შურისძიებას არ ეძიებს. თუკი სამაგიერო გადაგიხადათ, მხოლოდ იმიტომ გადაგიხდით, რომ სამართლიანობა აღადგინოს და გაკვეთილი მოგცეთ. თანაც ძალიან ესთეტია, ამასაც უდავოდ ისე ლამაზად და დახვეწილად გააკეთებს, ბოლოს მადლობას გადაუხდით, რომ თავისი შურისძიების ღირსად ჩაგთვალათ.
მორიელი, სიტყვებსაც რომ ჰქონდეთ ზოდიაქოს ნიშნები, შურისძიება ნამდვილად მორიელი იქნებოდა. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება სულ სამაგიეროს უხდის ვიღაცას, ხან თავს, ხან სხვებს. ოსტატია – ყოველთვის მაშინ და იქ ურტყამს, როცა და სადაც ყველაზე მტკივნეულია, თუმცა დაუმსახურებლად არავის. ის უბრალოდ ანგარიშებს ასწორებს. სიკეთესაც ასევე გადაგიხდით, უბრალოდ, ბოროტება უფრო დიდხანს ამახსოვრდება.
მშვილდოსანს მთავარია იმ მომენტში გაასწროთ, როცა გააბრაზებთ, თორემ მერე ნამდვილად აღარ ემახსოვრება და არც შურისძიებაზე ფიქრით მოიკლავს თავს. ერთი ესაა, გასწრება შეიძლება გაგიჭირდეთ, საკმაოდ სწრაფია და თუ ხელში ჩაუვარდით, თქვენს დაკრძალვაზე აუცილებლად ინანებს, რომ ასე იმპულსურად მოიქცა. ერთი- ორი გაფიქრება, თორემ ისე, მარტო სხვების მიმართ არა, საკუთარი თავის მიმართაც ძალიან მიმტევებელია.
თხის რქა ერთადერთ ნიშანია, რომელსაც მორიელზე უფრო საშინელი შურისძიება შეუძლია, თუ სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა – ცივსისხლიანია, ჭკვიანი და გენიალურად ბოროტი. იგი მთელ თქვენს ცხოვრებას თქვენ ნაცვლად დაგეგმავს და შურისძიებების ციკლად გიქცევთ. მოკლედ, თუ მაინცდამაინც ვინმეს გადაკიდება გადაწყვიტეთ, თხის რქას ნუ მიადგებით, თუ რაღა თქმა უნდა, თქვენი თავის ასეთ მდგომარეობაში ნახვა არ გსურთ.
მერწყული ძალიან ჰუმანურ და კაცთმოყვარე ნიშნად ჰყავთ ასტროლოგებს გამოყვანილი, მაგრამ მთლად პირდაპირ არ ღირს ამ ტერმინების გაგება. კი, მერწყულს უყვარს კაცობრიობა, მაგრამ თუკი კაცობრიობის მტრად ჩაგთვალათ, ისე გაგანადგურებთ, თვალს არ დაახამხამებს, თითქოს პარაზიტს აცილებდეს საწყალ დედამიწას. ჰო, მართლა, კაცობრიობის ნაწილად საკუთარ თავსაც მოიაზრებს, ანუ მისი მტერი სრულიად კაცობრიობის მტერიცაა და ფრთხილად!
თევზებმა რა უნდა დამიშავონო, იფიქრებთ ალბათ, ისე საცოდავად ახასიათებენ ასტროლოგები, მაგრამ ძალიან შეცდებით. აკვარიუმის თევზებით ნუ იმსჯელებთ მხოლოდ, მათ შორის ზოგჯერ ნამდვილი პირანიაც გამოერევა – სისხლისმსმელი თევზი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადვილად სწყინთ და ისე მძაფრად განიცდიან, თუკი თქვენი სიკვდილი არ დაგეგმეს, იმდენს ილოცებენ და ისე რწმენით, რომ ნამდვილად ,,გაგთვალავენ” და ერთ დღეს ან ფეხი აგიცურდებათ სადმე, ან აგური დაგეცემათ თავში და ჭირსაც წაიღებთ. შეიძლება მკვდარი ცოტა შეეცოდოთ კიდეც, მაგრამ ეს თქვენ ვერაფერს გიშველით.

კომენტარები

სხვა სიახლეები