ზამთარში სახეს თბილი წყლით ნუ დაიბანთ – როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

როგორც კოსმეტოლოგები ამბობენ, ზამთარში სახის თბილი წყლითა და საპნით ხშირი დაბანა არც ისე სასარგებლოა. ამას ჯობს, გრილი წყლით დაიბანოთ და შემდეგ  დამატენიანებელი კრემი წაისვათ. დღეში მინიმუმ 8 ჭიქა სითხე მიიღეთ და სახლში ჰაერი დაანოტივეთ. გარდა ამისა, კანი რომელიმე მკვებავი ნიღბით გაანებივრეთ.
ზამთარში ძალიან კარგია შვრიის უმარტივესი ნიღბის გაკეთება. 2 სუფრის კოვზ დაფქულ შვრიას იმდენი თბილი რძე დაასხით, რომ სქელი ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ. ბოლოს მკვებავი გადაისვით. არანაკლებ ეფექტურია ხაჭოს ნიღაბიც: 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 კვერცხის გული და ცოტა ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და წინასწარ დაბანილ სახეზე წაისვით.
ასევე კარგია ყოველდღიურად დილა-საღამოს სახესა და ტუჩებზე ყინულის კუბიკების წასმა. ეს სისხლძარღვებისთვის არაჩვეულებრივი ვარჯიშია, რადგან ჯერ ფართოვდება, შემდეგ – იკუმშება. ყინულის მომზადება მინერალური წყლით ან სამკურნალო მცენარეების ნაყენითაც შეგიძლიათ. ცხიმიანი კანისათვის რეკომენდებულია სალბის, სამყურას, ქრისტესისხლას ნაყენი; მშრალისათვის – ვარდის ფურცლებისა და პიონის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ და ყოველი პროცედურის შემდეგ ტენიან კანზე მკვებავი კრემი წაისვით.

კომენტარები

სხვა სიახლეები