“ვფიქრობდი, თუ რამდენად არ ვიყავი მზად, რომ ის დამეკარგა” – ანასტასია ხაჩიძის ემოციური წერილი დედას
ხათუნა ჟორდანია თავისი უმცროსი ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ესსეს აქვეყნებს:
“მთელი ჩემი ცხოვრება გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში სკოლის არდადეგები დაიწყო და ჩემი გონება მოიცვა მოგზაურობასა და გართობაზე ფიქრმა. როდესაც ჩანთები ჩავალაგეთ, დედამ თავი ცუდად იგრძნო, განუწყვეტლივ ახველებდა. დედაჩემი, თუნა ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი.
ის ავად არასდროს გამხდარა, არასოდეს წასულა ექიმთან. ხველება მეორე დღესაც გაგრძელდა, ჯერ ბათუმში წავედით, ბათუმიდან ახალციხეში, შემდეგ ბაკურიანში, შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდით და მისი მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე საკმარისი იყო… ჩემმა დამ მოტყუებით წაიყვანა ექიმთან. შედეგი საშინელი იყო. მახსოვს, ვიდექი ოთახში და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა დედაჩემის სახის გამომეტყველება. სამყარო ამოყირავდა. ვფიქრობდი, თუ რამდენად არ ვიყავი მზად, რომ ის დამეკარგა.
ეს იყო დრო, როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მალე თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ამ პროცესის დროს ის მესაუბრებოდა იმ გიჟურ რაღაცებზე, რასაც ის და ჩემი და იქ აკეთებდნენ. ქიმიოთერაპია ასუსტებდა, ყოველ დღე უფრო სუსტდებოდა, მაგრამ ნება მომეცით, გითხრათ, დედაჩემი მთელი ცხოვრებაა არის დიდი და მუდმივი მბრწყინავი ვარსკვლავი, განსაცდელი მას ვერ მოერევა.
მახსოვს, ლამაზი, ქერა თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა იმაზე – თუ როგორ ცდილობდა კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას, იმაზე – თუ როგორ მოგვწონდა მე და ჩემ დას შეუფერებელი ბიჭები. პროცედურების დროს ესვა თვალის ჩრდილი, თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი. მე ვფიქრობ, ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი ადამიანია. თუნა ჩემი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილი ვარ, რადგანაც ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი არ კარგავს შინაგან ბრწყინვალებას.
დაბოლოს, ზოგჯერ ნამდვილ გმირებს თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი უსვიათ”, – წერს ანასტასია ხაჩიძე.