მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს და 8 წლის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს:
„შვიდი, რვა წლის წინანდელი ამბავია და მომინდა, მოგიყვეთ.
პატივსაცემი სტუმრები მყავდა გერმანიიდან, ბოტანიკოსი პროფესორები და საქვეყნოდ ცნობილი მებაღეები. რა თქმა უნდა, გურიაში წავიყვანე. ერთ დღეს შემოქმედი ვაჩვენე და გომისმთაზე გადავწყვიტე, ამეყვანა მზის ჩასვლის სანახავად. ვიფიქრე, გზად, ბჟუჟის პირას, ჩაქუხაზე ფაცხებში ვასადილებ-მეთქი და საგზალი არ წავიღე. მდინარის პირას თევზზე მეტი ადამიანი დაგვიხვდა, იყო ჟრიამული და ღრიანცელი გაუდიოდათ გურულებს…
აღარ გავჩერდით და იმის იმედით, რომ რამეს გზად ვიყიდდით, ავედით მთაზე. თქვენ ნუ მომიკვდებით, არც მაღაზია, არც რამე დუქანი, ხმელი პურიც კი ვერ ვიშოვნეთ.
მოგვშივდა, დროდადრო მეკითხებიან სტუმრები, რა უნდა ვჭამოთ? მზის ჩასვლამდე ჯერ ადრეა. ვამშვიდებ, როგორც ვახერხებ…
სხვა გზა არ იყო, ჩამოვუარე მთაზე საიალაღოდ ამოსული აჭარელი მწყემსების სახლებს, შედარებით მოწესრიგებული ეზო შევარჩიე, კიბეზე მასპინძელი, ჩადრიანი შუა ხნის ქალი მეზობელს ესაუბრებოდა. ქალს დიდი, ქინძის, პრასისა და მაკიდოს კონა ამოედო ღლიავში.
შევედი, თავაზიანად მოვესალმე და ვითხოვე, ოთხი უცხოელი სტუმარი მახლავს, ხომ ვერ შეძლებთ, გვასადილოთ?
არ დაფიქრებულა ჩადრიანი, მობრძანდით, თუ არ მემასხრებით, საჭმლის მეტაი რა მაქვსო..ოთახის კარი ფართედ გააღო და დაგვიძახა, ჰაიდა, მობრძანდით, მობრძანდით, თქვენი ჭირიმეო. სახლში რომ შევედით, სუფრაზე უკვე ელაგა, კოხტად, დიდი ემალის ჯამით ყაიმაღი, ჩლეჩილი ყველი, ბევრი მწვანილი და ბოლოკი, ღუმელზე უკვე იდგა ბორანო და სინორის ფირფიტებს ნივრიან მაწონსაც ასხამდა, დიდი ბელტივით ჭადის დაკვრა როდის მოასწრო, არ ვიცი.
დავსხედით და უთავმოყვარეოდ, ბარაქიანად გეახელით. ბოდიში მოგვიხადა, ჩემი ქმარი სახლში არ გახლავთ, სტუმრებს გადეეცით, არ იუხერხულონ, თავისი მაზლი წარგვიდგინა, იოსებმა სტუმრებს ბოდიში მომხადეთ, რჯული სასმელს გვიკრძალავსო. მეზობლის ქალმა დოქებით კომპოტი შემოიტანა და დიდი ხის ჯამით შავი ქლიავი, ბარიდან დღეს გამომიგზავნეს მიირთვითო.
ისე გვეხვეოდა თავზე ყველა, მონატრებულ შინაურს რომ დახვდები და უმასპინძლებ. ჩემი სტუმრები გაკვირვებულები აკვარკვალებდნენ თვალებს. ნელ-ნელა ივსებოდა ოთახი მეზობლებით, ცოტა არ იყოს და, ისინიც გაკვირვებული გვიცქერდნენ.. იოსებმა გარმონი რომ გაწელა და ყველამ ერთხმად დაამღერეს – „ბახმაროს თიები დაუთოვნია, ჩემს შეყვარებულს სხვა უთხოვიაო…“, ვოლფრამის თვალზე კურცხალი შევნიშნე, ანდრიასმა კამერა საწოლის თავზე ჩამოკიდა და გაინაბა. ბოლოს ბორეგი მოგვიტანეს, ეგება, ტკბილი გესიამოვნოთო და მოცვის ჩაიც შემოგვთავაზეს. მეზობლის ქალებმა ჩონგურიც გააჩინეს, ენა და პირი ვერ აწერს, ისე მოგვალხინეს, იშაირეს.
„აბლამ უთხრა ემიასო, ჰაიდე წევდეთ ნენიასო, ერთი ღამე ჩემთან დაწეი, გამოგიწერ პრემიასო“, … დამამახსოვრდა…
ოჯახის რძალმა ქილებით კაიმაღი, მაწონი და ჩლეჩილი გამოგვატანა, ზეინეფ ბებიამ ყველა სტუმარს ჭრელ, ჭრელი წინდები ჩამოურიგა, „უბრალოი არ ეგონონ, ნენევ, ჩემი ხელით დართული და დაქსოვილია, ასლი ღაზლისააო“.
ერთერთმა გაკვირვებულმა სტუმარმა საფულისკენ მიმითითა… ვუთხარი, თუ გნებავთ, ამ ოჯახსა და ხალხს შეურაცხყოფა მივაყენოთ, კი ბატონო-მეთქი… გაიყურსა…
ნახევარმა სოფელმა გამოგვაცილა, კიდევ გვესტუმრეთ აუცილებლადო, მოგვეფერნენ, მოგვეალერსნენ..მზეს ძვლივს მივუსწარით, თითქმის ჩასული დაგვხვდა…
ჩემი სტუმრები ძალიან აფორიაქებულები იყვნენ, მე ძალიან შევიფერე, თითქოს, სულ ასე დავდივარ მუქთად და ვითომ ეს ჩვეულებრივი იყოს… ბოლომდე არ გავტყდი, მეტიც, ავიჩემე, რა მოხდა, ქარელები ვართ, არაფერია ამაში განსაკუთრებული-მეთქი…
დღემდე იხსენებენ ამ ამბავს, უყვებიან ყველას ემოციითა და აღტაცებით.
მეც, როცა გავწბილდები, უიმედობა დამზაფრავს, გავიხსენებ და ზუსტად ისე, როგორც იმ წუთებში, ღარიბულ მწყემსის ოჯახში ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება და დიდხანს, ძალიან დიდხანს არაფერი გვემუქრება, ასე ვარ ახლაც…“.