“ვოდიანოვას დის მსგავსი ისტორიები ყოველ წუთს ხდება …”- ბაია დავითაია შშმ პირების პრობლემებზე საუბრობს

ნატალია ვოდიონოვას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც მისი აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე დას ეხებოდა, სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სუპერმოდელი წერდა იმის შესახებ, თუ როგორ უთხრა უარი მისი ოჯახის წევრებს ერთ-ერთი კაფეს მეპატრონემ იმ მოტივით, რომ აუტიზმის მქონე მისი და კაფეს სხვა მომხმარებლების განწყობაზე ცუდად მოქმედებდა. სუპერმოდელის სტატუსზე გამოხმაურებები მხოლოდ მხარდამჭერი ხასიათის არ ყოფილა, პარტია „სხვა რუსეთის“ ლიდერმა ედუარდ ლიმონოვმა ტვიტერზე კატეგორიული ტონით მოითხოვა, რომ დაუნის სინდრომის და ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანებისთვის სპეციალიზირებული კაფეები შეიქმნას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში აუტიზმის ფონდის დამფუძნებელი ბაია დავითაიაც, მისი თქმით ეს პრობლემა არც საქართველოსთვისაა უცხო და ქართულ საზოგადეოებაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ლიმონოვის მოსაზრებას იზიარებს:

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაშიც ძალიან ბევრია ვინც ლიმონოვის აზრს იზიარებს, ასევე უამრავია, ვინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცხვირწინ მიუხურავს კარს… ყოფილა შემთხვევები, როდესაც მარშუტკიდან ჩასვლა უთხოვიათ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე ბაღიდან და სკოლიდან გაუგდიათ ბავშვი. ნატალია ვოდიანოვას დის მსგავსი ისტორიები ყოველ დღე და ყოველ წუთს ხდება ჩვენ ირგვლივ და ეს ისტორიები არ საჯაროვდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა ჩვენთანაც გახდეს აქტუალური! ყველას ვუთხრათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ჩვენი შვილები, დები, ძმები, დედები, მამები, მეგობრები არ იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას საზოგადოებისგან. მნიშვნელოვანია, რომ მედია მეტ ყურადღებას აქცევდეს ამ თემას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, როცა ვხვდებით უსამართლობას, იმის ნაცვლად, რომ ჩუმად ვიყოთ, გამოვდიოდეთ და ვსაუბრობდეთ ამის შესახებ . გავერთიანდეთ,! მხარში დავუდგეთ ერთმანეთს იმისათვის, რომ ლიმონოვები საქართველოშიც არ გვყავდეს, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენ გვერდით მყოფი უნიკალური ადამიანები!“- წერს ბაია დავითაია.

ty

კომენტარები

სხვა სიახლეები