ვლადიმერ მამუჩაშვილი: „პანდემია უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ამაში ვაქცინაცია დაგვეხმარება“

ქართველი ფეხბურთელი, ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი, ვლადიმერ მამუჩაშვილი პანდემიის დასრულების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, სიახლის შიში ჩვეულებრივი განცდაა, თუმცა საჭიროა მისი დაძლევა და ეს მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიღებითაა შესაძლებელი.

„პანდემია უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ამაში ვაქცინაცია დაგვეხმარება, რადგან ის გვიცავს. ჩემი აცრის ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო, პირველ რიგში, საკუთარი თავი რომ დამეცვა და შემდეგ სხვა ადამიანებისთვის მაგალითი, მოტივაცია მიმეცა. თუმცა აცრა ნებაყოფლობითია და აიცრება თუ არა, ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ მხრივ მკაცრი შეზღუდვები მართებულად არ მიმაჩნია, მაგრამ მთავარი – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა. ეს ყველამ უნდა გავიაზროთ.
პანდემიამ სპორტი დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა რაც ვაქცინები შემოვიდა და ავიცერით, ასე თუ ისე, ხელი არაფერში შეგვშლია. ამიტომ მოსახლეობას აცრისკენ მოვუწოდებ. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით მალე შემცირდება ინფიცირებისა და მით უფრო – გარდაცვლილთა რაოდენობაც.
რა თქმა უნდა, შიში მეც მქონდა, კითხვებიც, მაგრამ მივმართე სპეციალისტებს და ამიხსნეს ყველაფერი, მათ შორის, ჩემმა – მოძღვარმაც. მან მითხრა, რომ ავიცრებოდი თუ არა, ჩემს სურვილზე იყო დამოკიდებული, მაგრამ რელიგიურ კონტექსტში ვაქცინაციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მხოლოდ მითია და მეტი არაფერიო. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება და ავიცერი. თუ მოსახლეობის 80 პროცენტამდე მაინც გაიკეთებს ვაქცინას, კარგი იქნება სამომავლოდ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად”, – განაცხადა ვლადიმერ მამუჩაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები