დღეს, ქართველი მსახიობის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილის დაბადების დღეა.
თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი “ნინოშვილის გურია”), გვირისტინე (კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის “მე ბებია, ილიკო და ილარიონი”), სიუზონი (ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”), კატარინა (შექსპირის “ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (შილერის “მარია სტიუარტი”) და სხვა. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
ეს ფოტო სესილიამ ნოდარ დუმბაძეს აჩუქა, თავისივე წარწერით.
ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასთვის სათნო მანანასა და ზურიკელას ბებია უყვარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ- სხვა ქვეყნებშიც. როდესაც ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილია თაყაიშვილი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ იხილა, თქვა: „ეს თქვენი კი არა, ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობს.“
სესილია თაყაიშვილი პინკ ფლოიდის კლიპში: Money
სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
„ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!“ – ეს სესილია თაყაიშვილის ანდერძის ბოლო სტრიქონებია…