“ვიღაც მიჭერს ყელში თოკით… მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი ტკივილი მაქვს” – ვიკა ბუკია – ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს. მის პოლიტიკოს მეუღლე ლევან გოგიჩაიშვილსაც Covid-19 აქვს:

„გუშინ დაუფერთხავი თერმომეტრი შემომიტანა ექთანმა და 41 ეწერა. აქ ასეთებიც ხდება.

ჩვენ კარგად ვართ. რასაც გვერდიდან ვუყურებ (ზუსტად ასე გვერდი-გვერდაა ჩვენი საწოლები), ლევანი უკეთ გრძნობს თავს, თუმცა მარჯვენა ფილტვის პატარა კერაზე ანთებითი პროცესი დაფიქსირდა კომპიუტერის მიხედვით. ამიტომ, დაიწყო მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით.

დაალევინეს “ტოპტი’. ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ზრდასა და გამრავლებას. მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას.

შემდეგ დალია ლან-30 კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება. გამათხელებელი ისევ გაუკეთეს კანქვეშ – ,,ფრაქსიპარინი,, და ,,გადასხმა,,.

ამ ჩამონათვალიდან მე მხოლოდ გადასხმასა და ფრაქსიპარინს მიკეთებენ. საღამოს მაქვს თავის უძლიერესი  ტკივილი, ვსვამ მაგენოლს.

ჩემი ფილტვები სუფთაა. მაგრამ ისევ ვიღაც მიჭერს ყელში თოკით. მაქვს მშრალი, მაგრამ არა – ძალიან შემაწუხებელი ხველა.

სიცხე 37,3. ხანდახან ეს თოკიც იხსნება და სიცხეც; და ვხვდები სრულიად უსიმპტომო. საღამოობით უფრო ცუდად ვარ ხოლმე.

მაჟრიალებს და თავის შემაწუხებელი ტკივილი მაქვს. გემოს რეცეპტორები ისევ ადგილზეა. მანჯიმ გამოგვიგზავნა საჭმელი და ისეთი გემრიელი იყო, აი, უხ! მადლობა, მანჯი.

ყნოსვაც გვაქვს. ორივეს სუსტი სურდო გვაქვს და, რის საშუალებასაც სურდო გვაძლევს, სუნებს ვარჩევთ.

დილით მტრედი მოფრინდა ჩემთან.

რამდენი იფრინა და აქ დასკუპდა. კოვიდიანების ფანჯარასთან ასე ფრენა ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ახალი კონტაქტი შემემატა – მტრედი“, – წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები