ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე კორონავირუსის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მას Covid-19 5 დღის წინ დაუდასტურდა. ჟურნალისტი ყოველდღიურად ავრცელებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტატუსებს:
“ვიფიქრე, აღარ დავწერ-თქო, მიჭირს ტელეფონში დიდხანს კაკუნი, მაგრამ იქნებ ვიღაცას როგორ წაადგეს. უფრო მომზადებული შეხვდება ყოველ მომდევნო დღეს,
თუ კოვიდთან მოუწევს ბრძოლა. ბევრი ადამიანი მწერს, რომ ელოდება ამ კოვიდ დღიურებს, ამიტომ:
#კოვიდდადებითი დღე 5
გუშინ ღამეს, პირველად, რაც აქ ვარ, სიცხე მქონდა, კარგად დამაგდო. ცოტა სურდოც დაემატა, ხველა და ვიფიქრე – აი, მორჩა, დაიწყო-თქო…
რა სიგიჟეა – ვწევარ, არ ვინძრევი და სიმპტომები თავისით ემატება. მაგრამ დღეს დილით არც სიცხე მაქვს და თავსაც ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობ.
მარტო ვახველებ და ისევ ვსუნთქავ ინჰალატორიდან. გემოს მიყვა ყნოსვა, ვერაფერს ვგრძნობ. სუმანოს ვისხამ ხელზე და თითქოს წყალია. არა და, ცხვირით ჩვეულებრივად ვსუნთქავ -perfect sense-ის პერსონაჟივით ვარ.
ვიღაცეები წერენ, თურმე, რომ კორონა არ არსებობს და მე ფული ავიღე აქ მოხვედრაში, გულრწფელად რომ გითხრათ, ეგრე მერჩივნა, მაგრამ არაა. ამიტომ, სისულელეების ფრქვევას, უბრალოდ, პირბადე ატარეთ – ასე ჯობს. მე მეცინება, დედაჩემი და ჩემი და
კი ნერვიულობენ ამ კომენტარებზე – შემომთავაზეს, გავლანძღავთ იმ ხალხსო, ვუთხარი, რომ იმათ თავიანთი გაჭირვებიათ და დავიკიდეთ. მარტო ერთს ვუსურვე აქ მოხვედრა, წერდა – არც გამოსულა იმ ბოქსირებულიდანო…
ეს თითო შეშლილი რა მოსატანია იმ ჯადოქრობასთან, რაც ჩემს თავს ხდება და კორონაზე ბევრად, ბევრად მნიშვნელოვანია. მინდა, მოგიყვეთ თ ა ნ ა დ გ ო მ ა ზ ე:
თუ გგონიათ, რომ რომელიმე მესიჯი არ მინახავს იმ ათასობით
გზავნილიდან, რაც მომდის ყველა ქსელში, ცდებით… თუ გგონიათ, რომ კომენტარები გამომრჩა, ასევე ცდებით. ყველაფერს ვკითხულობ, ვერ ვპასუხობ უბრალოდ, ჯერ. – თითქოს ხომ მარტივად ბანალურია – ‘გისურვებ გამოჯანმრთელებას’?! არა, ხალხო, ა რ ა ! სრულიად ჯადოსნურია. ისეთი სიძლიერის ტალღამ გადამიარა ამ ზარების, მესიჯების, სურვილების, უცნობი ადამიანების წერილების, აქ ფანჯრებთან მოსვლა-გამხნევების, რომ რა კორონა?! ვინც მიცნობს, იცის – სენტიმენტებში მიჭირს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ რაღაც ზებუნებრივს ქმნით ყველა ერთად. ეს რა ყოფილა, მადლობა კორონას.
სხვა ყველაფერი ძველებურადაა, მეტიც, ზუსტად ისევ ისე. აქ შემოსულ გადაფუთულ ექიმებს მხოლოდ სიმაღლით ვარჩევ, დღეში ერთხელ შემოდიან და ფარის მიღმა ამოკეტილები გვესაუბრებიან შორიდან. გუშინდელი გავარჩიე, თვალზე ლაინერი ესვა და ისეთი შორეული იყო… სხვა სამყაროში ისვამენ ქალები ლაინერებს. წეღან ერთი წამით დერეფანში გავიხედე, სადაც გასვლის უფლება, ცხადია, არ გვაქვს და იმხელა მეჩვენა! დავუბრუნდი ჩემს კუთვნის ოთხ კვადრატს.
მედდა ლალი ისევ ქარიშხალივითაა, 25 დღეს უნდა გადავაბაო, ვერ ვათქმევინეთ – რას სვამს ასეთს. 19 კოვიდ-19-იანი ყოფილა ჩვენს სართულზე, ერთი მძიმეა. დანარჩენები მდუმარედ ვგულშემატკივრობთ იმ ერთს.
კირამ გუშინ მკითხა – ათზე მოხვალო? არა-თქო… აბაო? პასუხი არ მქონდა”, – წერს ცხომელიძე.