ზუგდიდელი მძღოლი, ნატაშა და სიგნალი გვირაბთან – 35 წლიანი სიყვარულის ისტორია

ჟურნალისტი ეკა წივწივაძე სოციალურ ქსელში სიყვარულის ისტორიაზე წერს, რომელიც მას ზუგდიდში გამგზავრების დროს მძღოლმა მოუყვა: “ვინც მიცნობთ იცით, როგორი ბოდიალა ვარ, ოღონდ გზას დავადგე და სულერთია სად ჩავალ და რომელ ტრანსპორტს ავირჩევ. ჩემი პროფესიაც ამიტომ მიყვარს -ერთგვარად სულ სიარულია, სულ მივლინება, მაგრამ ახლა ჩემზე არ ვწერ…
– მძღოლის გვერდით თუ არ დაჯექი ისე ვერ ჩახვალ ზუგდიდში თუ რა?! მკითხა მეგრული კილოთი 60 წელს მიკაკუნებულმა მამაკაცმა
– ხო, გზას თუ არ ვაკონტროლებ, მგონია რომ მძღოლს რამე შეემთხვევა. ვეცადე რაც შეიძლება “სვეცკად” მეთქვა და სოხუმიდან გამოყოლილი მეგრული ინტონაცია, რომელიც არასდროს გაქრა ცოტახნით დამეფარა 🙂
– დაჯექი, წაგიყვან. მითხრა და მეგრულად გამომაჯავრა ჩემი სიტყვები, მაგრამ არ შევიმჩნიე ვითომ ვერაფერიც გავიგე:)
გორის გვირაბთან რომ შევედით გაბმულად დაასიგნალა, გამოსვლისას ისევ. გამიკვირდა, წინ მანქანა საერთოდ არ ჩანდა.
რიკითის გვირაბთანაც შევლისას დაასიგნალა, გამოსვლისაც იგივე რომ გაიმეორა ვკითხე რატომ ასიგნალებთ საავარიო სიტუაცია არსად შემინიშნავსმეთქი.
ეს ნატაშას ესმის მოსკოვშიო  ისე გავხედე, მიხვდა კითხვა მქონდა და პასუხი მაინტერესებდა.
ცოტახანი ჩუმად იყო და მერე დაიწყო.
– მაშინ 25 წლის ვიყავი, სოხუმში გავიცანი.რუსის გოგო იყო ნატაშა. ისეთი ლამაზი ჩემ ცხოვრებაში არავინ მინახავს, რომ იცინოდა ღამეც რომ ყოფილიყო თენდებოდა.სამი კვირა დავრჩით ზღვაზე იმდენი მეგრული სიტყვა ისწავლა, ბოლოს ვიფიქრე მგონი დარჩენა გადაწყვიტათქო. მიყვარდა ვუყვარდი – ზუსტად ვიცი. წასვლის დრო რომ მოახლოვდა ვუთხარი ახლა დედაჩემთან ჩავალ ( სოფელი მითხრა ახლა აღარ მახსოვს ) ნებას დამრთავს, ჩამოგაკითხავ და მერე მოვიწევს მეგრულის სწავლა თუ მოგიწევსმეთქი. ასე მითხრა – ზურიკო შენ აწი ჩემთვის აღარ დაბრუნდები, მაგრამ საქართველოში გვირაბები თუ გაქვთო, რამდენიც გაგიხარდებათქო ვუპასუხე. ხოდა ამ გვირბაში შევლისას და გამოსვლისას ყოველთვის გაბმული სიგნალი მიეცი და სადაც არ უნდა ვიყო მაშინვე ვიგრძნობ რომ გახსოვარო. ვიფიცე, ვიმტკიცე რომ დავბრუნდებოდი და წავიყვანდი, მაგრამ…
როგორც ხდება, დედა ისტერიკაში ჩავარდა, მამა ვარესში… “სოხუმში საგულაოდ ჩამოსულ გოგოს” როგორ მოაყვანინებნენ და ზურისაც აღარ ჩაუკითხავ ნატაშასთვის.
-მას მერე 30 წელზე მეტი გავიდა ბოლო 15 წელია ზუგდიდი თბილისის მგზავრებს დავატარებ და ყოველ დღე ყველა გვირაბში შესვლისას და გამოსვლისას გაბმულ სიგნალს ვაძლევ. იქნებ მართლა გრძნობს; იქნებ არაფერსაც არ გრძნობს და არც ეს დანაბარები ახსოვს, ან იქნებ ჰგონია რომ მე დამავიწყდა, როგორც დავბრუნდებიო რომ დავპირდი ის პირობა; მაგრამ იცი შვილო ამ სიგნალს ნატაშაზე მეტად ჩემ თავს ვაძლევ; 25 წლის რომ ვიყავი იმ ბიჭს; იქნებ სხვა ცხოვრებაში გამოფხიზლდეს…
აქ იმხელა ცრემლი მოვიწმინდე რიკოთს რომ გავცდით იმ რესტორანში დამპატიჟა მძღოლებისთვის უფასოდ რომ შლიან სუფრას. ჩავყევი და ვთხოვე ამას ოდესმე დავწერთქო. დაწერე, დაწერეო დამთანხმდა. ოდესმე ვეცდები უფრო ლამაზად მოვყვე ეს ისტორია. თუმცა ლამაზად როგორ ყვებიან ისტორიას სადაც 35 წელი გაბმულ სიგნალს აძლევ იმ ცხოვრებას, რომელიც შეიძლებოდა გქონოდა და არ გაქვს?! არჩევანს რომელსაც შენთვის კი არა საზოგადოებისთვის აკეთებ?!
რიკოთის მერე ორი გვირაბი შეგვხვდა ორივეგან ტრადიციულად მოიქცა… რიკოთის მერე მეგრულად ველაპარაკებოდით; რიკოთის მერე ჩვენ უკვე მგზავრი და მძღოლი კი არა მეგობრები გვერქვა”-წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები