ვისი შვილია რეალურ ცხოვრებაში “ჩცდ”-ს ნიაკო

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო პერიოდის სერიებმა კიდევ ერთი საინტერესო მსახიობი გამოავლინა, რომელსაც საკუთარი გმირის ხასიათი ისე კარგად აქვს მორგებული, რომ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. საუბარი ქეთისა და ზაზას შვილზე, ნიაკოზეა. მის როლს 7 წლის ნასტასია კალანდაძე ასრულებს, რომელიც პირველ კლასში სწავლობს და უკვე რამდენიმე წელია „ჩცდ“-ს მსახიობია. ნასტასიას სამსახიობო მონაცემები გენეტიკის დამსახურებაა -პატარა გოგონა მსახიობების, გიორგი კალანდაძის და ნათია წიწილაშვილის შვილია. სხვათა შორის, ნათია თავადაც თამაშობდა ამ სერიალში, დორას რძლის, გუგუნას ცოლის როლს.
ნათიამ და გიორგიმ ერთმანეთი სერიალ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე
გაიცნეს, მალევე გაუჩნდათ გრძნობები და ოჯახი შექმნეს, თუმცა ბავშვის დაბადებიდან მოკლე დროში გაშორდნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ნასტასია დედასთან ცხოვრობს, მაგრამ აქტიური ურთიერთობა აქვს მამასთან. ნიაკოს რეალურ დედას, ნათიას, პატარა მსახიობზე ვესაუბრეთ.

– ნათია, ვისი იდეით მოხვდა სერიალში ნასტასია?
– რასაკვირველია, ეკა მჟავანაძის. როდესაც სერიალისთვის ნასტასიას ასაკის ბავშვი დასჭირდათ, დამირეკეს, მაშინ 3-4 წლის იქნებოდა, უარი არ მითქვამს და მივიყვანე. იქიდან მოყოლებული აქტიურად იღებს მონაწილეობას სერიალში.
– როგორ ახერხებდით იმას, რომ 3 წლის ბავშვი გაგეჩერებინათ კამერის წინ? გასაგებია, მაშინ ამხელა სცენები არ ჰქონდა სათამაშო, როგორც ახლა, თუმცა, მაინც რთული მეჩვენება ამ ასაკის ბავშვის გადაღებებში მონაწილეობა…
– თავიდან
ისე იყო, რომ უბრალოდ კადრში უნდა გამოჩენილიყო ბავშვი. გადაღებები გვქონდა წავკისში, ყოველდღიურად ავდიოდით და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვიყავით. მიუხედავდ იმისა, რომ დარბოდა აქეთ-იქით და მე დავდევდი, მაინც აკეთებდა იმასაც, რასაც ვეუბნებოდით, დამჯერი ბავშვია და არ გაგვჭირვებია არაფერი.

– ახლა სამუშაო ბევრად მეტი აქვს, ტექსტი აქვს დასამახსოვრებელი, მისი პერსონაჟი აქტიური გახდა ბოლო პერიოდში, როგორ უმკლავდება ახალ-ახალ დავალებებს?
– სცენარს წინასწარ გვიგზავნიან, მაგრამ ეს არ მაძლევს საშუალებას, რეპეტიცია გავატარო. როცა გადაღებაზე მივყავართ, გზაში ვრეპეტიციობთ ცოტას. ზოგადად, რაღაცაზე რომ ელაპარაკები, რამეს ეუბნები, არ გიყურებს, გგონია, არ გისმენს, რაზეც თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ზუსტად იმას აკეთებს გადასაღებ მოედანზე, რასაც ვეუბნებოდი მაშინ, როცა მეგონა, არ მისმენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილია, სერიალის ყურებისას მეც გაოგნებული ვრჩები, როგორ გამოსდის ბავშვს თამაში ასე რეალისტურად. არადა, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ ფიქრობს გმირის შექმნაზე, პერსონაჟის ხასიათზე, ალბათ მართლა განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული და ამიტომაც ბუნებრივად გამოსდის ის, რასაც აკეთებს.
– ალბათ გენეტიკაც ხელს უწყობს, რადგან მშობლები, ორივე მსახიობები ხართ..


– კი, დედაც მსახიობი, მამაც და ალბათ ესეც მოქმედებს.
– თქვენც გაშორებული ხართ გიორგისთან, როგორ ფიქრობთ, ნასტასია ხვდება, რასაც თამაშობს, ეს მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა და სიტუაციაა?
– ნასტია ძალიან პატარა იყო, როცა მე და გიორგი გავშორდით, შესაბამისად ვერც მოასწრო გაანალიზება, რა მოხდა. ცხოვრობს ჩემთან, შაბათ-კვირას მიჰყავს მამას და ეს მისთვის იმდენად ბუნებრივია, კითხვებიც არ გასჩენია, ჩვენც ყურადღება არ გაგვიმახვილებია. მე ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ ჩემს შვილს, როგორც დედამისი, დაზუსტებით გეუბნებით, ის, რაც სერიალში მისი გმირის თავს ხვდება, ბავშვზე არანაირად არ მოქმედებს, ყურადღებასაც არ ანიჭებს, ვერც ხვდება, რას აკეთებს, ეუბნებიან, ასე უნდა მოიქცე და იქცევა.

– გადაღებები მოსწონს? დამღლელი არ არის ეს პროცესი მისთვის?
– იღლება მაშინ, როცა რამდენიმე დუბლს იღებენ და ერთი და იმავეს კეთება უწევს, ეს არ მოსწონს, ამ დროს იწყებს სირბილს. მთელი შემოქმედებითი გუნდი გადაყოლილია მასზე, ხან აქედან უვლიან, ხან – იქდან და ბოლოს აკეთებს ყველაფერს. მე რომ ვეკითხები, მეუბნება, რომ იღლება, აღარ უნდა, მაგრამ რეალურად, ვხვდები, რომ პირიქით, ძალიან მოსწონს ეს სიტუაცია და ტრიპაჩობს კიდეც, ამბობს, მე მსახიობი ვარო.

– უყურებს სერიალს?
– არა, არ უყურებს, რამდენჯერაც ვუთხარი, რომ ენახა საკუთარი თავი, სურვილი არ გამოთქვა. 7 წლის კი არის, მაგრამ უფრო მეტად ბავშვურია, სულ თამაში უნდა, ნებისმიერ რამეს აკეთებს თამაშით. გადასაღებ მოედანზეც ერთობა, თავს ირთობს და ისე ასრულებს როლს, გაკვეთილებსაც თამაშით სწავლობს.
– ყველაზე რთული რომელი ეპიზოდის გადაღება იყო, თქვენ ხომ ყველაფერს ესწრებით და იცით რა ხდება იქ…
– ხშირ შემთხვევაში ვესწრები, როცა არ მცალია, თვითონ მიჰყავთ და სწორედ ის დღეებია რთული სერიალზე მომუშავე გუნდისთვის, როცა მე არ ვარ, რადგან მე მაინც მკაცრად ვუდგები და აკეთებს, რასაც ავალებენ. ყველა თავს რომ ევლება, თამამდება, არ უჯერებთ, მერე დასდევენ, თხოვნებით და დაპირებებით, ამას გიყიდით, იქ წაგიყვანთ და ა.შ. რაღაცნაირად იღებენ.
– სერიალში მისი დედ-მამის შემსრულებლებს, სალომე შარვაძეს და გიორგი ბოჭორიშვილს, მანამდეც იცნობდა, თუ გადასაღებ მოედანზე შეხვდა პირველად?
– არა, არ იცნობდა, გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი. როცა მსახიობს ბავშვთან უწევს მუშაობა, სხვანაირად უნდა მიუდგეს, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი, გაუშინაურდეს და თავი შეაყვაროს, რაც სალომესაც და გიორგისაც არაჩვეულებრივად გამოუვიდათ. სალომე და ნასტია ჩვეულებრივად მეგობრობენ, ბოჭორას თავიდან გაურბოდა, მე მგონია, რომ ეპრანჭებოდა. არ მოხვიდე, არ მომკიდო, გადი – ეუბნებოდა და რომ დაინახავდა, გარბოდა ხოლმე, გარკვეული პერიოდის შემდეგ გაშინაურდა მასთანაც, სულ ეღლაბუცებიან ერთმანეთს, იუმორნარევი ურთიერთობა აქვთ. იცოდე, კარტოფილს შეგიწვავ და ძალით გაჭმევ, იცოდე, თმას მოგაჭრი, ასე დასდევენ ერთამეთს და თამაშობენ (იღიმის).
– ბოლო სერიების შემდეგ მისი პოპულარობა უფრო საგრძნობი გახდებოდა. ქუჩაშიც ცნობენ ალბათ, ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია აქვს?
– ქუჩაში ცნობენ, დანახვისას ერთმანეთს რაღაცას რომ გადაუჩურჩულებენ, ამას თვითონაც ამჩნევს და მეუბნება ხოლმე, ნახე, ჩემზე ლაპარაკობენ, სერიალში რომ თამაშობს, ის ბავშვიაო. ასეთი დეტალები არ რჩება უყურადღებოდ და ალბათ სიამოვნებს კიდეც.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები