ვინ იყო კემეროვოში დაღუპული ქართველი მასწავლებელი და რას ჰყვებიან მასზე მოსწავლეები

რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარ ტრაგედიას 37 წლის ქართველი მასწავლებელი ტატიანა დარსალიაც ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, ის სავაჭრო ცენტრში 14 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც რუსული პრესა იუწყება, ახალგაზრდა ქალმა ჯერ საკუთარი ქალიშვილი გადაარჩინა, შემდეგ კი სხვა ბავშვების ხმა მოესმა და მათ საშველად გაემართა, სამწუხაროდ, ტატიანა დარსალიამ ბავშვები ვერ გადაარჩინა და თვითონაც დაიღუპა.
გარდაცვლილის მოსწავლეები ტატიანა დარსალიას სიყვარულით იხსენებენ და ამბობენ, რომ ის მათი ერთ-ერთი საყვარელი პედაგოგი იყო.
„ის იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მასწავლებელი, მე ადრე მივდიოდი მის გაკვეთილზე, მას შეეძლო დავალებებით დავეინტერესებინეთ მოსწავლეები, გაკვეთილები თამაშის სახით მიმდინარეობდა, როცა ზარი ირეკებოდა, ჩვენ გული გვწყდებოდა, რომ მისი გაკვეთილი დამთავრდა, ის გვიტარებდა როგორც ინგლისურის, ასევე გერმანულის გაკვეთილებს“,- ამბობს გარდაცვლილის მოსწავლე ოლეგი.
კიდევ ერთი მოსწავლე აღნიშნავს, რომ ტატიანა დარსალია ძალიან ყურადღებიანი პედაგოგი იყო.
„ტატიანა იყო ჩემი მასწავლებელი, სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, როცა ხედავდა, რომ ბავშვებიდან რომელიმე ცუდ ხასიათზე იყო, ინტერესდებოდა, ეხმარებოდა ყველაფერში“,- იხსენებს ერთ-ერთი მოსწავლე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში, ხანძრის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 41 ბავშვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები