თბილისის ცენტრში მდებარე, მე-19 საუკუნის საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლის თავდაპირველი სახელი „ალექსანდრეს ბაღია“ (თუმცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მას არასწორად „ალექსანდროვის ბაღად“ მოიხსენიებს). საგულისხმოა, რომ ერთ დროს ერთიანი ბაღი, გასულ საუკუნეში სატრანსპორტო გზის გაყვანის გამო, ორ ნაწილად გაიყო. ამიტომ, დღეს ეს ბაღი დაახლოებით თანაბარი ფართობის მქონე, ორ გამწვანებულ სივრცეს წარმოადგენს. წლების განმავლობაში, ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე, ამ ბაღსაც ეცვლებოდა სახელი და, საბჭოური „კომუნარების ბაღის“ შემდგომ, დღეს მის ზედა ტერასას „9 აპრილის“, ხოლო ქვედას, გოგლა ლეონიძის სახელი ეწოდება.
ყოფილი „ალექსანდრეს ბაღი“, საზოგადოებრივი დანიშნულების პირველ ბაღს წარმოადგენს თბილისში.
ძველი თბილისის უბნებში, ქუჩებში, ბაღებსა და პარკებში სეირნობისას, ხშირად არც კი ვფიქრდებით მათი ჩამოყალიბების ისტორიაზე, რომელიც დღემდე ამ ობიექტებს წარსულიდან შემორჩენიათ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად არქიტექტურის დოქტორს, „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორს მამუკა სალუქვაძეს ვესაუბრე.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, ეს ისტორიული ბაღი „ბოლშევიკებს“ თავიანთ საძვალედ უქცევიათ. მათი რამდენიმე წარმომადგენელი ბაღის ტერიტორიაზე დაუსაფლავებიათ. მიუხედავად იმისა, რომ საფლავების ქვები არ შემორჩენილა, საბჭოური წარსული თავს იმ მონუმენტებით გვახსენებს, რომლებიც ბაღის ქვედა ტერასაზე დღემდე არსებობს. რევოლუციონერი ქალის მონუმენტი და ქვის კედელი 1918 წლის 10 თებერვლის კომუნარების დახვრეტის სცენას ასახავს.
– მოგეხსენებათ, ბაღის ტერიტორიაზე არის ნაგებობა: კავკასიის არმიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, დღევანდელი ცისფერი გალერეა. გოგლა ლეონიძის ძეგლის ადგილას ალექსანდრე ნეველის საყდარი იდგა, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს.
ზედა ტერასაზე დღესაც არის შერჩენილი ძველი აუზი და მცენარეები, რომელიც თბილისში მცხოვრები ავსტრიელი მებაღის – შარერის დარგულია.
– რატომ ეწოდა „ალექსანდრეს ბაღი“ ?
– რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორის საპატივცემულოდ, რომელიც თბილისს სტუმრობდა და აღნიშნულ ბაღში ნერგიც დარგო.
საინტერესოა, რომ ამ ბაღის დაარსების ინიციატივა იმდროინდელ მეფისნაცვალს – ალექსანდრე ბარიატინსკის ეკუთვნის. დღევანდელი ჭანტურიას ქუჩა, რომელიც ყოფილ ალექსანდრეს ბაღს ესაზღვრება, სწორედ მეფისნაცვალ ბარიატინსკის სახელს ატარებდა.
– რა მდგომარეობაა თბილისის ბაღებსა თუ პარკებში?
– ისევე როგორც ისტორიულ შენობებს, ასევე ისტორიულ ბაღებსა და პარკებს ჩვენი მხრიდან დაცვა და შესაბამისი მოვლა სჭირდება. თუკი ათწლეულების განმავლობაში რაიმე ცვლილება ხდება მათი გეგმარების, კომპოზიციური ერთიანობის დარღვევის თვალსაზრისით, სახელმწიფოს მოვალეობაა, მათი პირვანდელი სახით აღდგენა-რესტავრაცია. სამწუხაროდ, მთლიანად საქართველოში და კონკრეტულად თბილისში, ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა, რადგან აღნიშნული მიდგომით არცერთი ბაღისა თუ პარკის რესტავრაცია არ განხორციელებულა.
– როგორ გგონიათ, ბაღების მოვლის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
– პრობლემა მრავლადაა. საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლები კარგავენ ტერიტორიებს, ძირითადად, მშენებლობების გამო. იკარგება მათი პირვანდელი გეგმარება, მცირე არქიტექტურული ფორმები, ირღვევა კომპიზიციური ერთიანობა, აღარ მიდის დამახასიათებელი ხე-ნარგაობის განახლება და მრავალი სხვა მიზეზი.
– მნიშვნელოვანია, თუ რა იყო ამ ტერიტორიაზე?
– ძველად, ბაღის ზედა ნაწილში სასაფლაო იყო, ხოლო ქვედა ბაღის ტერიტორიაზე სპორტული საცხენოსნო შეჯიბრი – ყაბახი იმართებოდა. რუსეთის იმპერიის დროს, ბაღის ქვედა ტერასის ადგილას, სამხედრო მარშირებები ეწყობოდა.
– ბაღი ოფიციალურად როდის გაიხსნა?
– ყოფილი ალექსანდრეს ბაღი, ლანდშაფტის არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა დააპროექტა და მისი საზეიმო გახსნა 1859 წელს შედგა. ბაღი ინგლისურ-პეიზაჟურ სტილში იყო გადაწყვეტილი და მწვანე თარგებისგან შემდგარი ერთი მთლიანობას წარმოადგენდა, რომელიც ორ, ზედა და ქვედა ტერასაზე იყო გაშენებული. საბჭოთა პერიოდში ბაღს კომუნარების სახელი უწოდეს. ტრამვაის გაყვანის შემდეგ ბაღი პრაქტიკულად შუაზე გაიყო. გზას, რომელიც ბაღს ორ დამოუკიდებელ ნაწილად ყოფს, რეზო თაბუკაშვილის (ყოფილი საპიორნაიას, საბჭოთა პერიოდში ბორის ძნელაძის) ქუჩა ეწოდება.
საინტერესოა, რომ თბილისში პირველი საზოგადოებრივი დანიშნულების ბაღის გახსნას მრავალი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე უჭერდა მხარს, მათ შორის: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვ.
ბაღს 9 აპრილის სახელი 1989 წლის თბილისის ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდგომ ეწოდა. მისი ტერიტორია 1991-1992 წლებში სამხედრო გადატრიალების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. 2007-2009 წლებში ბაღის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა მოხდა, თუმცა ცოცხალი ხეების ნაცვლად, ბაღის ქვედა ტერასაზე რატომღაც რკინის ხეები გაჩნდა.
რკინის ხე ცოცხალი ნარგავის ნაცვლად ისტორიულ ბაღში, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისი უყურადღებობით, არაკომპეტენტურობითა და დაუდევრობით კარგავს საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლებს… ვითარება საგანგაშოა და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.
მეგი მაჭარაშვილი