ზოგი თორნაიკს მეძახის… ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც პირველივე ცდით წარმოეთქვას ჩემი გვარი. აქ ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი მუშაობს.
23 წლის თორნიკე მანძულაშვილი google-ს ლონდონის ფილიალის თანამშრომელია. ამბობს, რომ აქ მუშაობა პრესტიჟული, საამაყო და დიდი გამოცდილების მომცემია. თორნიკეს ლონდონში დავუკავშირდით.
– 90-იანების თაობა ვარ და ბავშვობაც შესაბამისი მქონდა – უშუქობა, უგაზობა, სკოლაში შეგროვილი ფონდის ფული “სალიარკის” შესაძენად, კლასი რომ გაგვეთბო… მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ სადმე გავემგზავრებოდი.
მათემატიკა
ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. სკოლაში რომ მივედი, ათასის ფარგლებში ვიცოდი მიმატება-გამოკლება. მოგვიანებით მასწავლებელმა მირჩია, ვეკუას სახელობის სკოლაში გადადიო. ოლიმპიადებში დავიწყე მონაწილეობა. ჯერ საქართველოში მივაღწიე წარმატებებს, მე-11 კლასში კი მათემატიკის ნაკრებშიც მოვხვდი და დაიწყო შეჯიბრებები სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან ერთად, ინფორმატიკა ვისწავლე სპეციალიზებულ სკოლაში. მალე ინფორმატიკის ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით. ბოლოს ინფორმატიკის განხრით წავედი – თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე. პირველად საზღვარგარეთ სამუშაოდ 2016 წელს გავემგზავრე.
იქ ჯერ სტაჟირებით უნდა წახვიდე და თუ კარგი შთაბეჭდილება მოახდინე, კონტრაქტს გიფორმებენ. Google-ში არ მიმართლებდა, თავიდან სხვა ქსელში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად ამერიკაში, სილიკონის ველზე, პალო-ალტო ჰქვია ქალაქს. მერე, როგორც იქნა, გამიმართლა და სამი უარის შემდეგ Google- ში სტაჟირებაზე ამიყვანეს.
ბევრი პროგრამისტისთვის საოცნებოა აქ მუშაობა. ათეულობით ათასი ადამიანი მუშაობს Google-ს სხვადასხვა ქვეყნის ფილიალში. სტაჟირების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. სწავლა დავამთავრე. ახლა უკვე Google-ს ლონდონის ოფისში ვმუშაობ სრულ განაკვეთზე. როცა გადაწყდა, რომ ამიყვანდნენ, მკითხეს, სად გირჩევნია მუშაობაო. შვეიცარია ვუთხარი, მაგრამ ამისთვის სამწლიანი მუშაობის გამოცდილება იყო საჭირო, არადა, ახლა ლონდონი მომწონს.
აქ სიმწვანე მეტია, ვიდრე საქართველოში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია, დიდი ორსართულიანი ავტობუსები მოძრაობს – ჩვენსავით სამარშრუტო ტაქსები კი არ დადის, შავ კვამლს რომ უშვებს. მეტრო ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად საკუთარი მანქანით უფრო გვიან მიხვალ, ვიდრე – საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
თუმცა აქ ბიუროკრატიული ბარიერი ბევრია. რაღაც საბუთი დამჭირდა და ჯერ ერთგან გამიშვეს, მერე – მეორეგან, მერე… მატარეს ასე, წინ და უკან. ჩვენ იუსტიციის სახლი გვაქვს, სადაც ერთ სივრცეში ყველანაირ საბუთს აიღებ. რაღაცებში ჩვენ ვჯობნით, თუმცა, ძირითადად, ისინი არიან წინ.
– კოლეგებს ხომ არ უჭირთ შენი სახელისა და გვარის წარმოთქმა?
– ზოგი თორნაიკს მეძახის… ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც პირველივე ცდით წარმოეთქვას ჩემი გვარი. აქ ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი მუშაობს.
ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ძვირია ლონდონში ცხოვრება. აქ დაბალ პოზიციაზე სამსახურის შოვნა ძალიან იოლია. მთავარია, მერე როგორ აუყვები კარიერის საფეხურებს…
განაგრძეთ კითხვა:https://www.kvirispalitra.ge