ვინ არის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი „ხაშურელი თენგო“ და რამდენ ხინკალს ჭამს მსახიობი

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სახე – „ხაშურელი თენგო“, რომელმაც მაყურებელს თავი ბილწსიტყვაობით და ქართლური იუმორით დაამახსოვრა, 26 წლის შოთიკო ნოზაძეა.
იგი ხაშურში 1989 წლის 5 დეკემბერს დაიბადა, თუმცა უკვე 20 წელია რუსთავში ცხოვრობს. მსახიობი ამბობს, რომ მისი პერსონაჟის ხასიათი რეალურ პიროვნებებს აერთიანებს.
როგორ მოხვდა შოთიკო ნოზაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ , ჰგავს თუ არა რეალურ ცხოვრებაში საკუთარ პერსონაჟს და რას საქმიანობს იგი, მსახიობი ამის შესახებ „კვირა +“-ს ესაუბრა:

როგორ მოხვდი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ?

–  სერიალში ქასთინგის შედეგად მოვხვდი, შერჩევა გავიარე და დაახლოებით 2 თვეში დამირეკეს.  წინასწარ გადმომიგზავნეს ტექსტი, საგურამოს ჯვრისწერის შემდეგი სცენა უნდა მეთამაშა. პავილიონში რომ შევედი, ბევრი ხალხი დამხვდა, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ნამყოფი იყო ამ როლის შერჩევაზე. რეჟისორის ასისტენტმა გიორგი ლიფონავამდე მიმიყვანა, გიორგიმ დავალება მომცა, უნდა წარმომედგინა, რომ გვერდით მედგა „ბაქარი“ და მეთამაშა, თუ როგორ გავიცნობდი მას. მეც ის პირველი სიტყვები ვთქვი, როგორც სერიალში ვიცნობ „ბაქარს“ და როლზეც დამამტკიცეს.

შენი გმირი ხაშურელია, შენ რა შეხება გაქვს ამ ქალაქთან?

– ხაშურთან შეხება დიდი ხანია აღარ მაქვს, მაგრამ წარმოშობით ხაშურიდან ვარ. იქ დავიბადე და 6 წელი ვცხოვრობდი. 20 წელია, რაც რუსთავში გადმოვედი.

– ჰგავხარ თუ არა შენს გმირს ცხოვრებაში, ხშირად ბილწსიტყვაობ?

– რა თქმა უნდა – არა, 180 გრადუსით განსხვავებული ვარ ჩემი პერსონაჟისგან. როცა მეგობრების წრეშია, ადამიანი არ მეგულება, ვინც არ იგინება, თუმცა ჩარჩოებში. უნდა შეგეძლოს განსხვავება, ქალთან, კაცთან და ბავშვთან როგორ ილაპარაკო.

– ვისგან აიღე შენი გმირის თვისებები?

– ასე კონკრეტული ადამიანი არ ამირჩევია, რომელსაც მივბაძავ. ბევრი ადმიანისგან მაქვს რაღაც დეტალები გადმოღებული, მაგალითად: ერთისგან სიუხეშე, მეორისგან უცენზურობა, მესამისგან კილო, მანერა და ასე გამოვიდა ეს არაჩვეულებრივი პერსონაჟი.

ხინკალი თუ გიყვარს?

– კი, ძალიან მიყვარს, ბევრს ვერ ვჭამ, მაქსიმუმ ათამდე ავიდე, მაგრამ კუჭებს აუცილებლად ვტოვებ.

–  როგორი ურთიერთობა გაქვს  „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებთან?

– ვისაც ვიცნობ, ყველასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგი სიტუაციაა და მეგობრული გარემო. „ბაქარი“ ჩემი კარგი მეგობარია, სერიალიდან გავიცანი და განვითრდა ჩვენი ურთიერთობა. ის ახლა აბიტურიენტია, მეც სამსახურის გამო ხშირად მის ნახვას ვერ ვახერხებ.

– სად მუშაობ?

– ბავშვთა გასართობ ცენტრ „ზღაპარში“, აქამდე  კინოაკადემიაში, ალეკო მახარაშვილის ჯგუფში ვსწავლობდი. დამთავრების შემდეგ – საქართველოს უნივესიტეტში. ახლა მე და ჩემს მეგობარს რუსთავში  პატარა სარეკლამო სტუდია გვაქვს და ვიღებთ შეკვეთებს.

რა როლები გითამაშია?

რუსთვის თოჯინებისა და კუბურ თეატრში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობა. ასევე ვითამაშე ფილმში „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ და „თამარ მეფე“, სადაც ელჩის როლი შევასრულე. ახლა „კომედი შოუმ“ მიმიწვია ერთ სკეჩში და ველოდები მათ ზარს.

რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში?

– ჩემი მიზანია, ვიყო წარმატებული ჩემს საქმეში. მინდა გავყვე ჩემს პროფესიას. ცნობილი მსახიობის როლის მორგებაზე არ მიფიქრია. არ აქვს მნიშვნელობა, ჰამლეტს, თუ რაიმე სხვას ვითამაშებ. მირჩევნია პატარა სახასიათო როლები მქონდეს და დასამახსოვრებელი იყოს ყველაფერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები