ვინ არის ქალბატონი, რომლის ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო – “მეუღლე ქორწილში შეკვეთას მისცემს და მაცეკვებს”…
ქალბატონი, რომლის ცეკვამაც სოციალური ქსელი დაიპყრო, ლამარა ხოროიშვილია. მარტში დაბადების დღე აქვს და 46 წლის გახდება. იგი აჭარელია და ოჯახით ქობულეთის რაიონის სოფელ ხალაშში ცხოვრობს.
– ვის ქორწილში ბრძანდებოდით?
– ეს ქორწილი იყო 19 ოქტომბერს, ჩემი მეუღლის ბიძაშვილის შვილის, აჩიკო კახიძის ქორწილი იყო. ქორწილის მეორე დღეს მიპატიჟება იციან ჩვენთან და ეს ვიდეო მეორე დღეს გადაიღეს. მხიარულება მინდოდა, იყო ქართული ცეკვები და თამადას ვთხოვე, რომ დამიკარით „როკ ენ როლი“, ნაღდად შემისრულა თამადამ და ვიცეკვე ახალგაზრდებთან ერთად.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ პედაგოგი ბრძანდებით.
– არ ვარ პედაგოგი, მე თავად ვისწავლე „როკ ენ როლი“ ბავშვობაში. როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. მიყვარს მხიარულება, სიცოცხლე მიხარია, ახალგაზრდობა მიყვარს, ჭირს ტირილი შვენის, ქორწილს კი მხიარულება და ცეკვა უხდება. მიყვარს ჩემი აჭარა და საქართველო.
– კადრში ჩანს, რომ ბავშვებთან ცეკვავთ , შვილები არიან?
– არა, 23 წელია ოჯახი მაქვს შექმნილი. მე თავად შვილი არ მყავს, მაგრამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რაც კი პატარა დაიბადება, ყველა შვილივით მიყვარს.
– როდესაც ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, თქვენდამი დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ფეისბუქის მომხმარებელმა, თავად თქვენი პირველი რეაქცია როგორი იყო?
– თავდაპირველად, გამიკვირდა – არ ველოდი, რომ ვინმე ამ ცეკვას სოციალურ ქსელში განათავსებდა, იმიტომ რომ მე თვითონ არ მიყვარს კომპიუტერი. როცა დასაქმებული ადამიანი ვარ, ოჯახში არ მიყვარს კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა, სოციალური ქსელის მომხმარებელი არ ვარ, მაინცადამაინც.
– მაინც როგორ მიიღეთ? ხომ არ გაბრაზდით?
– გამიკვირდა, თუმცა არ მწყენია. რა არის ამაში ცუდი? – არაფერი. ქორწილი იყო და ვიცეკვე, კარგად ვგრძნობდი თავს, ვმხიარულობდით…
– კომენტარებს თუ გადახედავთ, ყველა დადებით კომენტარებს წერს და ყველა გეფერებათ…
– ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მეც ყველა მიყვარს – ჩემი აჭარა და მთელი საქართველო. ვისაც სურვილი აქვს, არაა პრობლემა, კიდევ გავიმეორებ „როკ ენ როლს“.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– სკოლის დამთავრების შემდეგ, წითელი ჯვრის კურსები დავამთავრე და პროფესიით ექთანი ვარ, მაგრამ ამჟამად ქობულეთში მომვლელად ვმუშაობ, სოფელ ხალაში, იქვე ვცხოვრობ და ვუვლი შშმ ბიჭს, რომელსაც მშობლები გარდაეცვალა, მარტო დარჩა და ვუვლი. იმდენს არ მიხდიან, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩემს აჭარაში ვარ, სახლთან ახლოს, ჩემს ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად ვარ და არ ვარ თურქეთში სამუშაოდ წასული. ისე, შვილი რომ არ მყავს, მინდა რომ ამ ბავშვს გული არ ვატკინო და ჩემი შვილივით ვუვლი.
– თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?
– ჩემი მეუღლე რევაზ კახიძეა. ჯერ არ უნახავს. ისეთი კარგი მეუღლე მყავს, თვითონ ქორწილში შეკვეთას მისცემს და მაცეკვებს. ერთად ვცეკვავთ, ერთად ვმხიარულებთ. ტკბილი ურთიერთობა გვაქვს. შვილის გამო ხშირად ოჯახები ინგრევა, მაგრამ ჩვენ დიდი სიყვარულით ვცხოვრობთ, ასე 23 წელიწადი. უშვილობას ვერ ვგრძნობ, რადგან იმდენი ბავშვი მყავს სანათესაოში, მთელ საქართველოში, ყველას შვილად ვგრძნობ. გამრავლდეს ერი და საქართველო!
იზა შაქარაშვილი
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=n3Ms44x_I24[/youtube]