სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი კაბით წარსდგება.
ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში – ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.
დღეს ჯაბა წარმატებული ქართველი დიზაინერია, მის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ფრანგულ-ქართული ნაზავი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბაიერებს, ჟურნალისტებს და ვარსკვლავებს აღაფრთოვანებს. ჯაბა დიასამიძის სამოსი არაერთმა ცნობილმა ქალმა მოირგო, მათ შორის არის ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმა.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ინაუგურაციაზე ის სწორედ ჯაბას მიერ შექმნილი სამოსით წარსდგება ხალხის წინაშე. კაბის ბოლო დეტალები ახლა სრულდება და უფრო დაზუსტებით ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად ჯაბა დიასამიძე ესაუბრა.
– ქალბატონ სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ. ისევე როგორც მისი ოჯახი, ჩემი ოჯახიც საფრანგეთში ემიგრაციაშია და ჩვენც იქედან ვიცნობთ ერთმანეთს. მგონი 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევუკერე კაბა. შავი, ლამაზი კაბა იყო, მაგრამ რომელი ღონისძიებისთვის შევუკერე, არ მახსოვს. ახლა რომელ კაბასაც ვუკერავ, სიმბოლური დატვირთვა ექნება. მეამაყება, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისთვის ინაუგურაციაზე კაბას მე შევქმნი.
– თქვენს კოლექციაში ყოველთვის შესამჩნევია დახვეწილობა და შთამბეჭდავი დეტალები, სალომე ზურაბიშვილის კაბაც ასეთი იქნება?
– კი, ასეთი იქნება. ჩემთვის თავადაც ასეთ ენერგიას გამოყოფს და ორმაგად მსიამოვნებს მასთან მუშაობა. კაბას ახლა ვქმნით და საბოლოოდ როგორი იქნება ინაუგურაციაზე იხილავთ. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, გემოვნებიანია და სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა.
– ხშირად ახერხებს ე.წ. პრიმერკაზე მოსვლას?
– ხშირად ვერ მოდის, როგორ უნდა მოვიდეს? ამ დღეებში დასრულდება კაბაზე საბოლოო მუშაობა. პრეტენზიული არ არის და ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.