კატო დონაძე 7 წლისაა, პირველ კლასში სწავლობს და როგორც ამბობს, ძალიან მოსწონს სკოლა. უყვარს მეცადინეობა, საგნებიდან – მათემატიკა, ინგლისური და ბუნება. პარალელურად დადის ცეკვაზე, დრამაზე, ტანვარჯიშზე, სიმღერაზე, ხატვაზე და ამ ყველაფრით კარგად ერთობა.
ერთ დღესაც დრამის წრეზე უთხრეს, რომ კასტინგი იყო და მისი ფანტაზიით ჯიუტი პრინცესა უნდა წარმოედგინა. თავზე გვირვინი დაიდგა და კასტინგზე მივიდა, მისი პრინცესა მოეწონათ და პოპულარულ სერიალში სვეტლანკას როლზე დაამტკიცეს…
“ჩემი ცოლის დაქალებში” სვეტლანკა ჩიკასა და შავლეგოს შვილია, განებივრებული გოგონა, ჯიუტი ხასიათით.
ბოლო სერიაში მისმა საქციელმა მაყურებელი აღაშფოთა. როლი კი პატარა კატომ დამაჯერებლად შეასრულა. ის ახლა AMBEBI.GE-ს რესპონდენტია, პირველ ინტერვიუს გვაძლევს, თუმცა სულაც არ ღელავს და გვეუბნება, რომ ლაპარაკი ძალიან უყვარს.
– მოგწონს სვეტლანკას როლი?
– ისე, რა… იმიტომ არ მომწონს, რომ ცუდად იქცევა, მაგრამ აზრიანიც არის, – ცოტა ჯიუტი არ უნდა იყოს? ამდენი ტანსაცმელი გადაუყარა სანიმ, მაგრამ მაგის გამო სულ ცუდი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
– ჰო, წინა სერიაში შენი გმირი სანის ცოლს როგორ ცუდად მოექცა…
– კი, მეც არ მომეწონა, ზედმეტი იყო. მე ასე არ მოვიქცეოდი, რადგან კეთილი ვარ და მხიარული. სვეტლანკაც კეთილია, მაგრამ ცოტა ჯიუტი. ისე, მისი სახელი არ მომწონს, კატო მერჩივნა ყოფილიყო…
– სერიალში შენი დედა ჩიკაა. რას გვეტყვი მასზე?
– როლს კარგად ასრულებს. გადაღებაზე რომ მოდის, ხანდახან მეფერება და მკოცნის, ჩემთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. შავლეგოც მეგობრული და მხიარულია. კალთაში მისვამს და ისიც მეფერება. მიხარია, რომ მე ამირჩიეს და მოვხვდი სერიალში. ისე, ცოტა არ მომწონს, ცუდ სიტყვებს რომ ამბობენ ხოლმე და იგინებიან. დედა ამის გამო არ მაყურებინებს, მხოლოდ იმ სერიებს ვუყურებ, სადაც მე ვარ.
– შენს პერსონაჟს უფროსი ძმა ჰყავს. შენ?
– მე უფროსი და მყავს, სკოლის მოსწავლეა, ჯიუტი პრინცესას კასტინგზე ისიც იყო, მოეწონათ, მაგრამ ასაკით უფრო პატარა იყო საჭირო და მე შემარჩიეს.
– კლასელები რას გეუბნებიან?
– ხანდახან მეუბნებიან, ძალიან მოგვეწონეო, არ გვეძინა გვიანობამდე და შენ გიყურებდითო. სკოლაში დამინახავენ თუ არა მეუბნებიან: “ჩიკა, მოკალი სანი”.
– მომავალში რა გინდა რომ გააკეთო?
– მინდა, რომ მსახიობი, მომღერალი და მხატვარი გამოვიდე. ადრეც მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ახლა გამოცდილებას რომ ვიღებ, ბევრად მეტი გამოცდილება მექნება. თუ მსახიობი გამოვალ, გამიხარდება. ჩემთვის გადაღებებზე სიარული ძალიან სახალისოა.
– რას ეტყვი ჩვენს მკითხველს, მაყურებელს?
– მადლობა, თუ მოსწონთ ჩემი შესრულებული სვეტლანკა.
წყარო:http://www.ambebi.ge