24 იანვრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 26 წლის სოფო ბერიძის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახალგაზრდა გოგონა თავისუფლების მოედნის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც „მერსედესის” მარკის ჯიპი ტაქსს გადაჭარბებული სიჩქარით დაეჯახა.
გარდაცვლილი 26 წლის სოფო ბერიძე პროფესიით ფსიქოლოგი იყო.
სოფო ბერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა.
„გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში – ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე. გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?“,-წერს კეკელიძე.
სხვა სიახლეები