ვინ არის გოგონა, რომელიც არჩევნებზე საპატარძლო კაბით მივიდა – “ჩვენთვის საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანია” (ფოტო)
საარჩევნო უბანზე მისული ქართველი პატარძლის ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და საზოგადოების უმრავლესობა დადებითი ემოციებით აავსო.
„კვირა“ პატარძლის ვინაობით დაინტერესდა და პირადად დაუკავშირდა. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, გოგონა, რომელმაც ქორწინების ცერემონიალი ცოტა ხნით გადადო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რუსთავის მკვიდრი 22 წლის ანა წოწკოლაურია. როგორც ანა წოწკოლაურმა და მისმა მეუღლემ ხვიჩა კობაიძემ „კვირას“ განუცხადეს, ქორწინების დღის პარალელურად, მათთვის საქართველოს მომავალიც მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ქვეყნის მომავალიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საქორწილო ცერემონია ცოტა ხნით შეგვეჩერებინა და საკუთარი არჩევანი დაგვეფიქსირებინა. მეც გავაკეთე არჩევანი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი ფოტო არ გავრცელდა, ალბათ არ მოვეწონე”, -განაცხადა ხუმრობით „კვირასთან“ საუბრისას ანა წოწკოლაურის მეუღლემ ხვიჩა კობაიძემ.
„კვირას“ ინფორმაციით, ანა წოწკოლაური რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საერთაშორისო-ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელია.