ვინ არის ბიჭი, რომელსაც სწავლა ეზარება და სკოლის დირექციას გათავისუფლებას სთხოვს – რას ყვება ბავშვის დედა “კვირა+”-სთან

გთხოვთ, გამათავისუფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა და ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია, – განცხადებიდან ეს ამონარიდი ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეს, გეგა წიტაიშვილს ეკუთვნის.
გეგა ბათუმელი ჟურნალისტის, ხატია იაშვილის შვილია, ხატია წლებია გაზეთ ,,აჭარაში“ მუშაობს. “კვირასთან“ საუბარში ყვება, რომ ის პატარაობიდან თავისებურია და იმ დღეს იხსენებს, როდესაც გეგამ სკოლის დირექტორის სახელზე განცხადება დაწერა.
“შაბათი დღე მხოლოდ თამაშს დაუთმო, არც ერთი საგანი არ ჰქონდა მომზადებული. მეორე დღეს მინდოდა ემეცადინა, უსწავლელი ხომ არ გავუშვებდი სკოლაში. უარი განმიცხადა, მითხრა არ ისწავლიდა და სოფელში ბებიასთან წავიდოდა. იქ თავის ნებაზეა, არავინ სთხოვს გაკვეთილების მომზადებას, მთელი დღე ეზოში თამაშობს. ვუთხარი, რომ უნდა მიემართა სკოლის ადმინისტრაციისთვის, თუ გაკვეთილებზე დასწრება არ უნდოდა, განცხადების ფორმა ვაჩვენე, როგორ იწერებოდა და ის შინაარსი, რაც დაწერა თვითონ მოიფიქრა. სოფელი ძალიან უყვარს, სამი წლიდან სოფელში იზრდებოდა ბებიასთან. გურიაში ოზურგეთის რაიონ სოფელ ნაგომარში ერთი სული აქვს როდის წავა. ამიტომაც ნახსენებია მის წერილში. ვფიქრობ, რომ ზაფხული და გართობა მოენატრა, ამ წერილით კი სწორედ ეს გამოხატა“, – ამბობს ხატია იაშვილი.
როდესაც ხატიამ მისი შვილის განცხადება წაიკითხა, ბევრი იცინა, წერილი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. თუმცა ამდენ გამოხმაურებას არ ელოდა.
“ორივემ ბევრი ვიცინეთ ამ წერილზე, მერე კი სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, მინდოდა ახლობლებს ენახათ როგორ ენატრება ზაფხული და სოფელი, მისი უსაყვარლესი ადგილები.
თავიდანვე განსხვავებული ბავშვი იყო, მახსოვს პირველ კლასში ზეიმზე არ გამოვიდა, უბრალოდ არ უნდოდა და მორჩა, ვერ გადააფიქრებინებ თუ რაიმე აიხირა. მეორე შვილიც მყავს, ის სტუდენტია, თუმცა ის ყველაფერს მიჯერებდა.
ამდენ გამოხმაურებას არ ველოდი, ისეთი დადებითი რეაქცია ჰქონდა ყველას, ისეთი თბილი კომენტარები, ვფიქრობ, რომ ყველა მშობელმა თავისი შვილი ამოიცნო. არ მეგულება ბავშვი თამაში რომ არ უყვარდეს და გართობისკენ არ ჰქონდეს თვალი და ყური. მიუხედავად ამისა, გეგა ძალიან კარგი მოსწავლეა, ნიჭიერი, ყოველთვის მახარებს თავისი წარმატებით, რაც სკოლისა და პედაგოგის დიდი დამსახურებაა“, – აღნიშნავს ხატია.
ჟურნალისტი ჩვენთან საუბრისას იმასაც  რომ, გეგას თავისუფალი აზრის ასე თამამად გამოხატვა პედაგოგის ზეინაბ შავაძის დამსახურებაა. ხატიას თქმით სწორედ ამ პედაგოგმა მისცა ყველა მოსწავლეს გამბედაობა იმისა, რომ არ უნდა ეშინოდეთ მათი ემოციების გამოხატვა და ნებისმიერი მოსაზრების დაფიქსირება. თუმცა ის, რომ თითქოს მოსწავლე ოჯახში ძალადობისა და ბულინგის შესაძლო მსხვერპლია, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ხატია იაშვილი ამას გამორიცხავს და ყველას მოუწოდებს, მსგავს განცხადებებს საჯაროდ ნუ გააკეთებენ, ასეთ დროს მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგან სწორედ ამ საზოგადოების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს რომელიმე ბავშვი.
“ბავშვმა წერილში ხუმრობით დაწერა რომ ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია, თვითონაც იცინოდა ამის შესახებ, ძალიან მწყინს რომ ეს მოსაზრება წამოვიდა თითქოს ჩემი შვილი ოჯახში ბულინგის მსხვერპლია, პირიქით აკეთებს იმას რაც სურს, დაწერა ის რაც უნდოდა და ამაში არავინ შეზღუდა, მგონი ცუდი ამაში არაფერია”, – დასძინა ხატია იაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები