ვინ არიან ტყუპი ძმები სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”

ტყუპი ძმა – დათო და თენგიზ ხიდეშელები წარმოშობით რაჭველები არიან, თუმცა წყალტუბოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. დღესაც იქ ცხოვრობენ. დათო ინჟინერია, თენგიზი – ეკონომისტი, მსახიობობაზე არასდროს უფიქრიათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვიტეს პოპულარული სერიალის – “ჩემი ცოლის დაქალების” მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. გადამღები ჯგუფი 40-დან 50 წლამდე ასაკის ტყუპ ძმას ეძებდა.
ხიდეშელებმა კასტინგში გაიმარჯვეს, როლზე დაამტკიცეს და ასე მოევლინნენ სერიალის მაყურებელს ბიზნესმენ ქალთევზაშვილებად. თავიდან თითქმის უხმოდ მონაწილეობდნენ, მაგრამ ვინაიდან მათი ხაზი ბოლო სერიებში გააქტიურდა, პერიოდულად ალაპარაკდნენ კიდეც. ჯიმი ქალთევზაშვილის ულამაზესი ქრისტინე, ჩიკას უფროს ვაჟ სანის შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა…
ბიზნესმენ ქალთევზაშვილების ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და ქრისტინეს მამას, ჯიმის, ანუ დათო ხიდეშელს დავუკავშირდით.
“მე და ჩემს ძმას მსახიობობაზე არასდროს გვიოცნებია. დამთარებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, თენგიზს – ეკონომიური, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობთ. წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდით, მერე გამოგვიშვეს სამსახურებიდან – წინა მთავრობის ხალხი ხართო,” – გვეუბნება დათო ხიდეშელი.

– და მალე სერიალში აღმოჩნდით, ხომ?
– დიახ, კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღეთ და გაგვიმართლა, დაგვამტკიცეს. ვართ ბიზნესმენები – ჯიმი და ჯონი. იცით, რომ სატირული სერიალია და ჩვენი პერსონაჟების სახით, ნაჩვენებია ბიზნესმენების რეალური ტიპაჟები, თუ როგორები არიან. პიროვნულად ყველა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ უმეტესად, მაინც ერთნაირები არიან – უჭირთ ფულის გაცემა. ნაჩვენებია მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მოკლედ, ყველაფერი ცხოვრებიდან არის აღებული… ჩვენი პერსონაჟები სიტყვაძუნწი ბიზნესმენები არიან, ლაპარაკი არ უყვართ.
– თქვენ შორის საოცარი მსგავსებაა, ერთმანეთს ძალიან გავხართ.
– თავიდანვე ასე იყო, ამასთან, ერთმანეთს ვერ გვაშორებდნენ. სკოლაში, სასწავლებელში, ისეც სულ ერთად ვიყავით. ეს ამბავი რაღაცნაირად გამოგვადგა კიდეც. ბევრი შემთხვევა გვქონია, როცა უნივერსიტეტში გამოცდებზე ერთმანეთის ნაცვლად გავსულვართ. არ მინდოდა ყველა საგნის სწავალა, ამიტომ ორ-ორს ვსწავლობდით და ერთმანეთის ნაცვლად ვაბარებდით. ლექტორები ვერ ხვდებოდნენ. მართვის მოწმობაც არასდროს მქონია, ჩემი ძმის მართვის მოწმობით დავდიოდი, მაჩერებდა პატრული და ისიც ვერაფერს ხვდებოდა.
– ამბობენ, რომ ტყუპი ძალიან მგრძნობიარეა. ერთი ცუდად რომ ხდება, მეორეც შეუძლოდ არის. ამას წინათ, 60 წლამდე ტყუპი გავიცანი ერთი და იმავე პრობლემით, ერთდროულად ორივე ცუდად იყო.
– კი, ტყუპების ფენომენი მართლა უცნაური რამ არის. თენგიზი ჩემზე 2 წუთით უფროსია. ბავშვობიდან მოყოლებული, ავად რომ ვხდებოდი, ისიც ცუდად იყო. ახლაც, თავი თუ ამტკივდა, ან კბილმა შემაწუხა, თენგოსაც იგივე პრობლემები ექმნება… ბავშვობაში, ერთხელ ავად გავხდით, მამა ექიმი გვყავს, თენგიზს რომ გაუკეთა ნემსი, ჩემთვისაც უნდა გაეკეთებინა და ისე, მოხდა, რომ ავერიეთ – მეორედ ისევ იმას უკეთებდა. კინაღამ მამასა აერია… ბოლოს მიხვდა.
– ქალთევზაშვილებივით ერთად ცხოვრობთ?
– ერთ კორპუსში ვართ, ოღონდ, სხვადასხვა სართულსა და ბინაში. ორივეს ორი შვილი გვყავს და ორივეს ქალ-ვაჟი. გვყავს ასევე უფროსი ძმა.
– ქალთევზაშვილებს სულ ერთნაირი სამოსი აცვიათ. თქვენ?
– ქალთევზაშვილებივით ერთნაირი ტანსაცმლით ადრე დავდიოდით და ხალხი სულ ჩვენ გვიყურებდა. ამიტომ ერთნაირად აღარ ვიცვამთ. მსგავსების თემას გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ახლობლებსაც ხშირად ვერეოდით. ქუჩაშიც დაუძახია უცნობ გოგოს ჩემთვის ჩემი ძმის სახელი. მითქვამს, – მე არ ვარ და არ დაუჯერებია. ის კი არა, თავიდან მეუღლეებსაც ვეშლებოდით. ძლივს მივაჩვიეთ მეუღლეები, რომ ერთმანეთისგან გავერჩიეთ. კიდევ კარგი ჩვენ ვარჩევდით…
– თქვენი თავი მოგწონთ ეკრანზე?
– ისე, რა… პროფესიონალები არ ვართ, არადა, ჩვენ გარშემო უმეტესობა პროფესიონალია, 90%. თავიდან გამიჭირდა როლში შესვლა, ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი. გითხარით, რომ სულ პოლიტიკაში ვიყავი-მეთქი, ჰოდა, ამას წინათ მეგობარს მივაკითხე სამსახურში, რომელიც პროფესიონალი მსახიობია, მაგრამ “ქართული ოცნებიდან” საკრებულოში მოხვდა. ჰოდა, ვიყავი მათთან ოფისში და ჩემს მეგობარს ვუთხარი, – იმ ქვეყანას რა ვუთხარი, შენნაირ მსახიობს პოლიტიკაში რომ გაუშვებს და მე – გამამსახიობებს-მეთქი.
– მოკლედ, სერიალმა პოპულარობა მოგიტანათ.
– კი. მანამდეც ძალიან მომწონდა “ჩემი ცოლის დაქალები” და იმიტომ მივიღეთ მასში მონაწილეობა. სხვათა შორის, ბევრი ტყუპი გასინჯეს, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო “ფორმულა კრეატივს” და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, უკლებლივ ყველა მსახიობსა და ყველა თანამშრომელს, ვინც ამ სერიალის შექმნაში მონაწილეობს. მადლობა მათ თბილი მიღებისთვის…. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. იციან, რომ შორიდან დავდივართ და ყველა გვეფერება, ყურადღებას გვაქცევს.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები