საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებაში რუსულ საფრთხეზე ქართველი ხელოვანები, ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ. მიზეზი საავტორო უფლებების სფეროში ახალი, რუსული წარმომავლობის ორგანიზაციის დაფუძნებაა, რომელსაც სათავეში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები – აჩიკო ფურცელაძე და დათო ხუჯაძე უდგანან.
რუსეთის მცდელობას, გააკონტროლოს საქართველოში საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება, გამორიცხავენ რუსული წარმომავლობის ორგანიზაციის ქართველი მესვეურები; თუმცა – საკუთარ განწყობას რუსეთის მიმართ არ მალავენ.
რუსეთის მოქალაქე, ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე, ბოლო 10 წელია, მოსკოვში მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოში საომარი მოქმედებები გაახორციელა; მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, მომღერალი არ მალავს პოზიტიურ განწყობას რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ.
„თქვენ არცერთი იცნობთ რუსეთს. თქვენ არ იცით ის რეალობა, რაც ხდება რუსეთში. მე ვარ იქაური, რუსეთის მოქალაქე და უკეთ ვიცი, რა ხდება იქ. ჩვენთვის პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი და სამაჩაბლო და სისულელეა, როცა მას ვთხოვთ, დაგვიბრუნოს ის, რაც არ წაურთმევია“, – განაცხადა ერთ-ერთ გადაცემაში ხუჯაძემ.
ამ განცხადების შემდეგ, ალბათ, არც მისი სტალინის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა გასაკვირი და არც ის, რომ ქართველ მომღერალს პუტინის მმართველობა მოწონს.
„ჩემი აზრით, ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც სტალინი იყო, დღემდე არავინაა. მე დიდად ვერ ვერკვევი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ, სტალინის შემდეგ, მე არ შემხვედრია პოლიტიკოსი, ვისაც ჰქონდა ნება რამის კეთებისა. ბუნებრივია, მას ჰქონდა დიქტატიც. ჩვენ ასეთი ადამიანი გვჭირდება ახლაც. და, საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ დღესაც უნდა იდგეს სტალინის ძეგლი საქართველოში.
რაც შეეხება პუტინს – ის თავის ქვეყანას ძალიან ადგება. ცუდი ცხოვრებაა დღეს მოსკოვში? რუსეთში? შეადარეთ – არ არის ცუდი ცხოვრება მოსკოვში“, -აცხადებს ქართველი მომღერალი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]