20 იანვრიდან მზე ორიგინალური, ექსტრავაგანტური, კრეატიული და არაპროგნოზირებადი მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და უახლოესი ერთი თვის მანძილზე, კოსმოსი ურანისთვის (მერწყულის მმართველი პლანეტის) დამახასიათებელ არაერთ მოულოდნელ სიურპრიზს გამოგვიგზავნის, როგორც კარგს – ისე ცუდს.
იცით თუ არა, რომ ასტროლოგია მერწყულის ზოდიაქოს შესაბამის სფეროდ ითვლება? სხვა ვის შეუძლია მომავალში “ჩაიჭყიტოს” და დაინახოს იმის ალბათობა რა მოხდება ხვალ, ზეგ ან სულაც ერთ თვეში თუ არა მერწყულს? ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი ინტუიციით გამოირჩევიან. თუმცა, მათი ინტუიცია ძალიან განსხვავდება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) დამახასიათებელი ინტუიციისგან. მერწყული თითქოსდა მომავალში ხედვის უნარს ფლობს. მას ფრაგმენტულად გაუელვებს ხოლმე კადრები მომავლიდან, ან უბრალოდ თავისთავად იჭერს ტალღებს ჯერ კიდევ არმომხდარი მოვლენების შესახებ.
საინტერესო ფაქტია ის, რომ მერწყულის ზოდიაქო ერთადერთია, რომელსაც ორსქესიანი პლანეტა – ურანი მართავს. ასტროლოგები ურანს როგორც მამაკაცურ, ისე ქალურ ენერგეტიკასაც მიაწერენ. ანუ ის ბისექსუალია. ურანი თავისი ბუნებით არც კეთილია, არ ბოროტი. უბრალოდ, უცნაურია. მერწყულებსაც თუ დააკვირდებით, გამოკვეთილად არ გააჩნიათ არც აგრესია, არც ზედმეტი სენტიმენტალიზმი. მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ მეგობრებს შეესაბამება. ამიტომ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყოველთვის ბევრი მეგობარი ახვევიათ გარშემო.
თუმცა პლანეტა ურანის და კიდევ ერთი სიმბოლური მმართველის სატურნის გამო (რომელიც ასევე მერწყულის ღამის მმართველად მოაზრება) მერწყულებს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არავის მიმართ არ ახასიათებთ. უფრო მეტიც, ბევრ მათგანს ხშირად გარკვეულ სიცივესა და გულგრილობაშიც კი სდებენ ბრალს. ისინი ჰუმანურები არიან, თუმცა მთლიანად კაცობრიობა უყვართ და არა ერთი ან ორი კონკრეტული ადამიანი.
მეგობრულებიც არიან, თუმცა მათი დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ მას შემდეგ,რაც თქვენ მას “დახმარებას” დაავალდებულებთ. ამიტომაცაა, რომ მერწყულებს, ყოველთვის გონივრული დისტანცია გააჩნიათ ყველასთან ურთიერთობაში და ნებისმიერი კავშირისას ინარჩუნებენ “საკუთარი სივრცის” ქონის უფლებას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან უყვართ თავისუფლება. შესაბამისად, ვერ იტანენ ვერანაირ აკრძალვებს და შეზღუდვებს. სამაგიეროდ, არც თავად უზღუდავენ მოქმედების ან გამოხატვის თავისუფლებას სხვას.
ურანით მართულ ადამიანებს უჭირთ და ხშირად სურვილიც ნაკლებად გააჩნიათ, თავი ოჯახური ბორკილებით შეიზღუდონ. ამიტომ მერწყულების უმეტესობა გვიან ან საერთოდ არ ოჯახდება. ხშირად ისინი ოფიციალურ დაოჯახებას ე.წ. “სამოქალაქო ქორწინებას” არჩევენ ხოლმე.
მერწყულები ძალიან კარგად ითვისებენ ისეთ პროფესიებს რომელიც ტექნიკასთან, ინოვაციასთან, სიახლეებთან, პოლიტიკასთან, სოციალურ სფეროსთანაა კავშირში. უყვართ უშუალო ურთიერთობები საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან, იშვიათად ყოფენ ადამიანებს რასის, კანის ფერის, აღმსარებლობის ან რელიგიური შეხედულების მიხედვით. მეგობრობენ ყველასთან და მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ ნებისმიერს, სანამ ეს მეგობრობა მათ პირად თავისუფლებას არ შეზღუდავს ან შეეხება.