ვინ არიან “ბასიანთან” დაჭრილი პირები – დეტალები „სისხლიანი პარასკევის“ შესახებ

13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, ერთი პოლიციელი და ორი – აღნიშნული კლუბის დაცვის წარმომადგენელი. დაჭრაში ბრალდებული, „თბილგვირაბმშენის“ დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის უფროსი ვაჟი, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად ბრალდებულის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლე, ბადრი შონიამ მას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ერთ-ერთი დაჭრილი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევია. როგორც დღეს შსს–ში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა შემთხვევის დროს იქ მყოფი ადამიანები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის კლუბ „ბასიანის“ დაცვის წევრი, 38 წლის ზვიად მესხია. მას თავის არეში საკმაოდ მძიმე ჭრილობა აღენიშნება. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღეს მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, თავს დაუცველად გრძნობს.
ინციდენტის შედეგად მესამე დაზარალებული, ამავე კლუბის წევრი 26 წლის ილია კიკილაშვილია, როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგრეთვე დამაკმაყოფილებელია.
ზვიად მესხი 13 იანვარს მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ ორმა ნასვამმა პიროვნებამ “ფეის კონტროლი” ვერ გაიარა, რამაც დაცვის თანამშრომლების მიმართ მათი აგრესია გამოიწვია. მისივე თქმით, ორივე ახალგაზრდა კლუბის ტერიტორიიდან გაიყვანეს, სადაც უკვე უშუალოდ ინციდენტი მოხდა.
აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმუარა კლუბ „ბასიანის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილიც.
„13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განაცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი ფეისკონტროლის სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო.

სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! – გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს, რომ მათი პრივილეგიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.

არასდროს ყოფილა ადამიანების დასჯა ჩემი მოწოდება, მაგრამ როგორ გინდა უსამართლობის განცდა არ დაგეუფლოს, როცა ახალ წელს, რუსთავის საპყრობილესთან ყოფნისას, გისოსებიდან მიკროგრამებზე წლობით გამომწყვდეული ადამიანების შეძახილებს ვისმენდი.

სოლიდარობას ვუცხადებ უძვირფასეს დაცვის წევრებს და ყველა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს. მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ.

ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ.

“ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?”,- წერს ნაჯა ორაშვილი.

დაჭრილი დაცვის წევრების „ფეისბუქგვერდებზე“ არ წყდება გამამხნევებელი წერილები:
„ზვიადს მისი პირველივე სამუშაო დღიდან ვიცნობ. ეგეთი გაწონასწორებული, ადამიანების, ოჯახის და შვილების მოყვარული ადამიანი ცოტა თუ დაიარება. ზვიადის დიდი დამსახურებაა „ბასიანის“ ერთ-ერთი პირველი წარმატებაც, რომელსაც ხალხისა და დაცვის ურთიერთობის სხვა დონეზე გადატანა ჰქვია (მოგეხსენაბათ რა ხდებოდა კლუბებში და ზოგჯერ რა ხდება ხოლმე დღემდე). ხალხი თავს კომფორტულად გრძნობდა და გრძნობს იმ მიდგომებთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ვუცხადებ სოლიდარობას ზვიადს, ილიასა და დაჭრილ პოლიციელს, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ზვიადს სიცოცხლე შეუნარჩუნა!

არ მიყვარს, როდესაც ხალხს სჯიან, მაგრამ ასეთ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს და დამნაშავემ უნდა მოიხადოს თავისი გრძელი სასჯელი, რომელსაც დიდი იმედი მქვს, მალე მიუსჯიან.

სასამართლომ რა მოტივით გაათავისუფლა 30 000 ლარის სანაცვლოდ, პოტენციური ქილერი (არ შევუშინდები ამ სიტყვას იმ ფოტოების შემხედვარე, რაც ვნახე), გამოუშვა გარეთ და საფრთხეში ჩაგვაგდო მოსახლეობა. ჩემთვის ამოუცნობია.

ვუსურვებ ბიჭებს მალე გამოჯანმრთელებას და სამსახურეობრივი მოვალეობის იგივე წარმატებით შესრულებას, როგორც ფაქტის დადგომამდე.

დამნაშავეს კი, იმედი მაქვს, სულ მალე ვიხილავთ გისოსებს მიღმა. ოჯახის პოზიცია, რომ “ვიღაცა დაიკაწრა” არის სასაცილო და ჩვენი დაცინვა“.

„ლიბერალთან“ საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს, უბრალოდ, შეკამათებას ჰქონდა ადგილი.

„უბრალოდ მოხდა კამათი, როდესაც ის არ შეუშვეს კლუბში და ამას მოჰყვა გაუგებრობა. არაფერი სერიოზული არ მომხდარა, დანის წართმევის დროს მიიღო დაზიანება რამდენიმე თანამშრომელმა”.

კომენტარები

სხვა სიახლეები