„ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამგვარი გაშუქება შესაძლოა, თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს“

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი გიორგი დონაძე შეშფოთებას გამოხატავს, გადაცემა “პროფილის“ მიერ სუიციდის თემატიკის გაშუქების გამო.

შესაბამისი პოსტი დონაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„მოგესალმებით, მეგობრებო! მიუხედავად მცდელობისა, რომ ,,პროფილს“ არ გაეკეთებინა ასეთ ფორმატში გადაცემა სუიციდის გაშუქების თემაზე, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა! ზემოთქმული კი დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან! მიუხედავად ამისა, კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რაც ნათლად ჩანს გადაცემის ანონსში! ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში! რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომლებიც თავის თავში შეიცავს ფატალურ რისკებს!
სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებმა  უნდა გააცნობიერონ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას მოახდენს არა მარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც. ევროპის DART-ცენტრმა ჟურნალისტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. („სუიციდის გაშუქება, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის“; კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა; ფსიქოტრავმის საზოგადოება), სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს:
,,გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.’’
აქვე გრძელდება: ,,მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.’’

‘’გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად, დამცირება/დაცინვა (bullying), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა.’’

,,არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად, დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან, ამგვარი გაშუქება შესაძლოა, თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს“, – აღნიშნავს გიორგი დონაძე.
აღნიშნული შინაარსის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გიორგი დონაძემ ამავე საკითხზე კიდევ ერთი ფეისბუქსტატუსი გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა,  დონაძეს თავად მაია ასათიანი დაუკავშირდა.

“ახლახან მაია ასათიანმა დამირეკა და ძალზე შეწუხებული იყო, რომ მიუხედავად თემის ირგვლივ მრავალი კვლევისა, ანონსში გაიპარა ის მომენტები, რაც წესით არ უნდა ყოფილიყო. მე ვფიქრობ, კარგია, რომ ასეთ თემებზე არ ვხუჭავთ თვალებს, მედიას ვუთითებთ არა იმიტომ, რომ მათი მტრები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ისწავლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ადეკვატური გაშუქება, რადგან არასწორი გაშუქება ბევრ დანაკარგთან არის პირდაპირ კავშირში!
მადლობა მაიას გამოხმაურებისათვის და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე. ასევე, სანამ გადაცემა გავა, დეტალების ამოღებაზე… ისე ძალიან სამწუხაროა, აქვე აღვნიშნავ, რომ ამის დაწერა მომიწია, რადგან აქამდეც მაიას უთხრეს სპეციალისტებმა აზრი. მიუხედავად ამისა, მადლობა, რომ დაინტერესდა ამ განცხადებით!“,-აღნიშნავს გიორგი დონაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები