“ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა” – ზაზა კლდიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული მამაკაცის, ზაზა კლდიაშვილის, დედა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს დაეხმარონ იმ ქალბატონის პოვნაში, რომელიც მისი შვილის გადარჩენას ეცადა.
“ვეძებ ახალგაზრდა ქალბატონს, სავარაუდოდ ექიმს, რომლის ხელშიც დალია სული ჩემმა შვილმა, ზაზა კლდიაშვილმა, 2019 წლის 21 თებერვალს გეგუთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს. თუ ვინმემ იცით მისი ვინაობა ან ტელეფონის ნომერი, უმორჩილესად გთხოვთ მომწერეთ. მინდა ხელები დავუკოცნო, რომლითაც დახმარება ჩაუტარა, ეცადა მაგრამ ვერ გადაარჩინა. მინდა ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა იმ კეთილშობილებისთვის, რაც გააკეთა დაუფიქრებლად, მოვალეობად ჩათვალა არ მიეტოვებინა გასაჭირში. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათი გახდა დღევანდელობაში. ვინც იცის რა დღეში ვარ მე, ვინც გრძნობს ჩემი სულის ტკივილს, სიმწარეს შვილმკვდარი დედისას, გთხოვთ გააზიაროთ, იქნება თქვენი ნაცნობებისთვის ნაცნობია ეს პიროვნება და ვინმემ მომაწოდოს ინფორმაცია ამ უკეთილშობილესი ადამიანის შესახებ. ვდებ ჩემი შვილის სურათს. იქნებ მოხდეს სასწაული და თვითონ ამ ქალბატონმა ნახოს და წაიკითხოს ჩემი სურვილი.ამინ!მისმინოს უფალმა”.