ვახტანგ რჩეულიშვილმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი შვილი, გუკა რჩეულიშვილი მოინახულა. ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოქვეყნა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“მადლობას ვუხდი ყველას (სასჯელაღსრულების სამინისტროს, სახალხო დამცველს და შესაბამისს საპარლამენტო კომიტეტს), რომ გუკასთან შეხვედრის უფლება მომცეს. დავრწმუნდი, რომ ნორმალურ პირობებშია. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც მაია უჩივის ადმინისტრაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა ძირითად პრობლემას, ცხადია, არ ხსნის: მაიას წინასწარ პატიმრობაში აყვანით ზარალდება მთელი კომპანია და მისი კლიენტებიც. ამ დროს პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და მისი გადაწყვეტის ფორმულა მარტივია – დაგვიბრუნოს ხელისუფლებამ ჩვენი ქონება და ჩვენი კლიენტების პრობლემაც უცებ მოგვარდება. ჩვენ მილიონერები ფულით ან ცხოვრების წესით კი არ ვართ, არამედ იმ ქონების გათვალისწინებით, რაც უკანონოდ წაგვართვეს!
საბოლოოდ მჯერა, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და დამთავრებულ მშენებლობებზე ვინმეს გულის გასახარად მშენებლებს აღარ დაიჭერენ! რამდენიმე მათგანმა მოიკლა თავი უკვე ამ ხელისუფლების დროს, თუმცა პრობლემები ძველი ხელისუფლებიდან მოდის. მათ შორის სალომეს ბიძამაც – თემა ჩარკვიანმა. ისიც ცდილობდა, კრიზისით დაზარალებულების თავად გასტუმრებას, მაგრამ ელემენტარული სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, – წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.