ვახტანგ რჩეულიშვილი: გუკას გარეშე საწყალ ლელასაც უჭირს

გუკას გარეშე საწყალ ლელასაც უჭირს”, – ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“გუკა კაცია და უძლებს. უჭირს, რადგან ცოლი ორსულად ჰყავს. გოგონას ველოდებით. გუკას გარეშე საწყალ ლელასაც უჭირს. გუკას ათი წლის წინანდელ რაღაცას ედავებიან, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის. მას არც კი ახსოვს, ათი წლის წინ ფული სად გაიტანა, როგორ გაიტანა“, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.
ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილმა მეუღლის შესახებაც ისაუბრა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამძიმებულია.
მისი თქმით, მაია რჩეულიშვილი ამ მდგომარეობაში სტრესმა და ავადმყოფობამ ჩააგდო, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო მას მაქსიმალურად უწყობს ხელს.
„მაია სტრესმა და ავადმყოფობამ ამ დღეში ჩააგდო. წონაში კლება უჭმელობას არ გამოუწვევია. მშვენივრად ჭამდა, მაგრამ ბოლო ორი სამი კვირაა, მდგომარეობა გაურთულდა და საშინლად გახდა. სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პრეტენზია არ მაქვს. მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ, მაგრამ ოთხ კედელში გამოკეტვას ვერ გაუძლო. საშინლად ნერვიულობდა ჩვენი შვილის გუკას გამო“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
გურამ რჩეულიშვილის თქმით, მისი მეუღლის სურვილი იყო, ყველა დაზარალებულის ქონება გადაერჩინა, არადა შეეძლო ციხისთვის თავი აერიდებინა.
„მაიას უნდოდა, რომ ყველას მდგომარეობა გამოესწორებინა, თორემ თავის დროზე რომ გამოეცხადებინა, კომპანია გაკოტრებულიაო, პროცესი შეჩერდებოდა და აქამდე არ მივიდოდით. ვერავინ ვერაფერს მიიღებდა და ყველაფერი ამით დამთავრდებოდა, მაიასაც აღარ დააპატიმრებდნენ, მაგრამ ის ეცადა ყველას ქონება გადაერჩინა და ეს „მადლობა“ ამიტომ მიიღო“, – აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა ინტერვიუში.
ე.წ. მაგნოლიას საქმეზე დაკავებული დედა-შვილი მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გურამ რჩეულიშვილის ინტერესების დამცველი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 150 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები