ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სასამართლოში საქმის წარმოება პარასკევს განახლდა. მოსარჩელე არის ქალი, რომელიც ვაინშტაინს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უახლოეს წარსულში ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ორალური სექსის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლას ჰპირდებოდა, ამასთან მისი თანდასწრებით მასტურბირებდა.
საქმიდან ირკვევა, რომ პროდიუსერს მაგალითად ჯენიფერ ლოურენსი მოჰყავდა.
“ჯენიფერ ლოურენსთან ვიწექი და შეხედე, ახლა სად არის, ოსკარი მოიგო”, – ეუბნებოდა ჰარვი ვაინშტაინი მსხვერპლს.
აღნიშნულს ჯენიფერ ლოურენსი გამოეხმაურა. მისი თქმით, მას სექსუალური კავშირი ვაიშტაინთან არასდროს ჰქონია.
“ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის მსხვერპლი გახდა. არასდროს მქონია მასთან პროფესიულის გარდა სხვა ურთიერთობა. მისი ეს განცხადება კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმისა, თუ როგორია მოძალადის ტაქტიკა”, – ამბობს ლოურენსი.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა 2013 წელს ვაინშტაინის ოფისში მოხდა, სადაც ჰარვიმ საქმიან თემატიკაზე საუბრის დროს, უეცრად შარვალი გაიძრო და ქალს მიმართა – “საერთოდ გინდა, რომ მსახიობი გახდე?”.
ჰარვი ვაინშტაინი მრავალი წლის განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა ხმაურიანად დასრულდა.
ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლონდონის, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ.