“ეშმაკის მათრახი” – გამოცემა წარსულიდან, რომელიც ანტივაქსერებს აშარჟებდა – ვაქცინაციის ორი მხარე საუკუნეების წინაც აქტუალური იყო
ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ბევრ ისტორიულ და საინტერესო დოკუმენტს ინახავს, რომელიც დროთა განმავლობაში, წლების გასვლის შემდეგ, სულ უფრო და უფრო ღირებული ხდება.
ქვეყანაში შექმნილი გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, „კვირა +“ დაინტერესდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემონახული დოკუმენტებით, რომლებიც ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანებს ეხებათ. როგორც აღმოჩნდა, დროის დიდი ინტერვალის მიუხედავად, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ – ანტივაქსერები, იმ დროშიც მრავლად იყვნენ, როგორც ახლა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე- მირიან ხოსიტაშვილი:
-იმდროინდელ პრესაში თუ არის შემორჩენილი იმ ხალხის აზრი, ვინც აცრას ეწინააღმდეგებოდა და ვირუსის არსებობას უარყოფდა?
ოფიციალურ დოკუმენტებში რთული მოსაპოვებელია მათი აზრი, იმიტომ, რომ ოფიციალურ გამოცემებში მათ აზრს არ ბეჭდავდნენ, პირიქით, გამოდიოდა სატირულ-იუმორისტული პრესა, მაგალითად, „ეშმაკის მათრახი“ და სხვა, სადაც დასცინოდნენ ასეთ ხალხს და იმ ადამიანების სატირულ ფოტოებს აქვეყნებდნენ, ვინც წესებს არ იცავდა ანდა ვაქცინაციას არ იტარებდა.
პრესაში ანტივაქსერები გამოყვანილი ჰყავდათ, როგორც უარყოფითი პირები, რომლებიც საზოგადოებას ებრძოდნენ. ამის უამრავი მასალა არსებობს. ცნობილია წარმოშობით პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის კარიკატურა, რომელიც 1910 წელს ერთ-ერთი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა, სადაც პანდემიის დროს გარდაცვლილი ადამიანების საფლავის ქვებია ჩალაგებული და ნაჩვენებია, როგორ აქცევენ იმ ადამიანებს იზოლაციაში, ვინც არ ემორჩილება მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს.
-რას ეტყოდით ჩვენი დროის ანტივაქსერებს?
ესეთმა ადამიანებმა, რომლებიც, ბევრი ფაქტის მიუხედავად, გაუთვითცნობიერებლად, არგუმენტების გარეშე უარყოფითად არიან განწყობილნი და არ ენდობიან ვაქცინას, უნდა გადახედონ ისტორიას, რომელიც ძალიან კარგი მაგალითია ჩვენთვის. იქ ნახავენ, რომ პანდემია და გადამდები სნეულებები არ არის თანამედროვე მსოფლიოს მოგონილი, არამედ, საუკუნეების მანძილზე, რეალურად სულ არსებობდა და ბევრი იმპერია დასცა ძირს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნადგურდებოდა ამ ყველაფრით, მათ შორის – საქართველოშიც. ამის ძალიან კარგი მაგალითია „ყვავილი“ – მეცნიერებას საუკუნე-ნახევარი დასჭირდა, რომ ის დაემარცხებინა. მხოლოდ XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოგონილმა ვაქცინამ დაასრულა ეს დაავადება“.