ეტლით მოსარგებლე შვილისა და მამის დიალოგი: როგორ ვუთხრა ღვთისმშობელს, მამა ვარ და შვილის ტარება არ შემიძლია-თქო

ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეტლით მოსარგებლე შვილისა და მამის გულისამჩუყებელ დიალოგს აქვეყნებს.

„მე და მამა ყოველთვის ,,ვხოცავთ” ერთმანეთს, დედა გვეუბნება, თქვენ მამა-შვილი კი არა მამინაცვალი და გერი ხართო. მამა ასეთ დროს დედას ხუმრობით პასუხობს-ეს ჩემი შვილი არ არის, დნმ-ის ანალიზს ვითხოვო. გუშინ მამამ მითხრა, რა იქნება, ერთხელ მაინც დადგე ფეხზე, გაიარო როგორც ადრე და გაახარო მამის გულიო. მე ვუთხარი, სთხოვე ღვთისმშობელს და ფეხზე დამაყენებს თქო. მე ყოველდღე ვთხოვო, სწორად არ სთხოვ ალბათ-მეთქი, ასე ვუთხარი, ასე თხოვე -მე უკვე არ შემიძლია შვილის ტარება და დააყენე ჩემი შვილი ფეხზე-თქო. მამამ გაკვირვებული თვალებით შემომხედა და მითხრა, მე მაგას ვერ ვეტყვი ღვთისმშობელსო, რატომ ვერ ეტყვი-მეთქი, აბა, როგორ უნდა ვუთხრა, მამა ვარ და შვილის ტარება არ შემიძლია-თქო. მე ხომ მამა ვარ, ჰოდა, სანამ სული მიდგას გატარებო, ისიც რას მეტყვის, ვიცი მე მაგის პასუხიცო. მერე, აი, როცა წასვლის და სულის ჩაბარების დრო დადგება, მაშინ კი ვეტყვი, კიარა, ისედაც ნახავს რომ არ შემეძლებაო. რომ ვიცოდე, შენ რომ გაივლი, დღესვე წავალო. განა არ ვიცოდი, განა არ ვგრძნობდი, განა არ ვხედავდი მის სიყვარულს, მაგრამ გული შემადნა ეს რომ მითხრა. მამა არ ცხოვრობს ეკლესიურად, არც ეზიარება, ეკლესიაში მე რომ მივყავარ, შიგნით ვერ ვაჩერებ, შემიყვანს და გარეთ გარბის, არც მარხულობს. ჰოდა, მამა ჩემზე და ყველაზე დიდი ქრისტიანია. დედაზე არაფერს ვიტყვი, ის სასწაული მყავს, ღვთისმშობელივით. გუშინდელიდან აღარ ვეურჩები. სულ ,,ბუნჩულა მამიკოს”, სულ ,,ჩემი გულის” ვეძახი და იცინის, რა გამიზრდიხარო . P.s. მე სხვა ვარ. განსხვავებული თოვლი მოვიდა ამ ზამთარსაც, როგორც წვიმა სულ სხვანარი იყო ამ გაზაფხულზე. სასწაული ამინდებია ჩემ ცხოვრებაში, უცნაურად სასწაული… და მიყვარს, ყველა და ყველაფერი მიყვარს, რაც და ვინც არ ან ვერ მიყვარდა, ისინიც მიყვარს“, – წერია სტატუსში.

კომენტარები

სხვა სიახლეები