“ეს წლის უმნიშვნელოვანესი დღეა” – რამაზ გიგაურის ასტროლოგიური ანალიზი და პროგნოზი

დღეს, 21 დეკემბერს, თბილისის დროით 13:20 საათზე მზე თხის რქის ზოდიაქოში გადავა.ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური ასტროლოგიურ ანალიზს და პროგნოზს აქვეყნებს:
“დღეს, 21 დეკემბერს, თბილისის დროით 13:20 საათზე მზე თხის რქის ზოდიაქოში გადავა.
ეს წლის უმნიშვნელოვანესი დღეა – ზამთრის მზებუდობა. ამ დღეს მზის დეკლინაცია (გადახრა) ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე დაბალ წერტილს აღწევს, რაც წლის ყველაზე მოკლე დღისა და ყველაზე გრძელი ღამის მიზეზია. ეს ასევე ზამთრის დასაწყისის ასტრონომიული ნიშნულია. ზუსტად ამ დროს მზე თითქოს „ერთ წერტილშია გაჩერებულია“, რის გამოც ამ დღეს ძველქართულად, მზებუდობას უწოდებენ.
თუ ამ მომენტის ჰოროსკოპს გავაკეთებთ (თბილისის გრძედისა და განედის გამოყენებით), ვნახავთ, რომ საკმაოდ რთული სურათი გაქვს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც საქართველოში ნოემბრის ბოლოს დაიწყო, მომავალშიც შენარჩუნდება (ფაქტობრივად, ეს იმ მოძრაობის მეორე ტალღაა, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე აგორდა).
საინტერესოა, თუ ზემოთ აღნიშნულ ჰოროსკოპს მუნდანური ასტროლოგიის მიხედვით უფრო დეტალურად განვიხილავთ:
ხელისუფლება
მზე თხის რქაში და 9 სახლში მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს იდეოლოგიაზე, რათა გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შიდა პროცესებზე, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებსა და სამართლებრივ სისტემაზეც. თუმცა, მზე-ნეპტუნის კვადრატი მე-12 სახლში მიუთითებს ხელისუფლების დაბნეულობას, სერიოზული და მნიშვნელოვანი საიდუმლოებების გამჟღავნების შიშზე და მზარდ არაეფექტიან მმართველობაზე. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ხალხის უნდობლობას და გაზრდის დაძაბულობას ხელისუფლებასთან მიმართებაში.
ხალხი და მისი მდგომარეობა
მთვარე ქალწულში და 6 სახლში ასახავს ხალხის კონცენტრაციას ყოველდღიურ გამოწვევებზე, რადგან თუ ნატალურ ასტროლოგიაში მე-6 სახლი სამსახური და ჯანმრთელობაა, მუნდანურ ასტროლოგიაში ეს არის ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება და როგორც ვხედავთ საპროტესტო გამოსვლებსა და მარშებს მიეცა ყოველდღიური და ორგანიზებული ფორმა. ნეგატიური კონფიგურაცია ტაუ-კვადრატი (მთვარე-იუპიტერი-სატურნი) კიდევ ერთი მიმანიშნებელია სერიოზულ დაპირისპირებაზე ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ეს დაძაბულობა მინიმუმ, ერთი თვე და მაქსიმუმ, სამი თვე პირდაპირ ან ირიბად შენარჩუნდება
ხალხის აქტიურობის გამოვლენა
ასცენდენტი ვერძში, რეტროგრადული მარსი ლომში და მე-5 სახლში ხაზს უსვამს დაძაბულობას და ენერგიის დაგროვებას ქვეყანაში. ხდება ხალხის მიერ ღირსების გაცნობიერება (ლომის გავლენა) და წარსულში დაშვებული შეცდომების არგამეორების მცდელობა ან ადრე დაწყებული და ბოლომდე ვერ მიყვანილი საქმის ამ პერიოდში დასრულება (მარსის რეტროგრადულობა).
საერთაშორისო გავლენა
მე-9 სახლი და მისი ნეგატიური გავლენა აჩვენებს, რომ უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო წნეხი დიდ როლს ითამაშებენ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და კიდევ უფრო გაიზრდება. მზის ნეგატიური ასპექტი (ნეპტუნთან) მიანიშნებს, რომ ეს ზეწოლა შეიძლება ხელისუფლებისთვის არა მხოლოდ შემაფერხებელი აღმოჩნდეს, არამედ ჩიხში შემყვანიც. ეს კი ხელისუფლებაში გააძლიერებს საკუთარ თავში შეცდომაში შეყვანისა და თვითგანადგურების კოდის ჩართვას.
შეჯამება
მთვარის, იუპიტერის და სატურნის შორის დაძაბული ასპექტები აჩვენებს, რომ ხალხის მოთხოვნები და ხელისუფლების რეაქცია ძლიერი კონფლიქტის მიზეზი ხდება და მათ შორის კომპრომისს გამორიცხავს. ამჟამინდელი მდგომარეობა მიანიშნებს სახელისუფლო ცვლილებების აუცილებლობაზე და ხალხსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შეუძლებლობაზე (შავი მთვარე სასწორში და მე-7 სახლში). ერთი მხრივ, ხალხის და მეორე მხრივ, უცხოელი პარტნიორების წნეხი და გავლენა კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება როგორც დეკემბერში, ისე იანვარში. უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკური დაპირისპირების პიკი სწორედ 2024 წლის ბოლო და 2025 წლის დასაწყისია (თუმცა როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს ასტროლოგიური ციკლი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო და 2025 წლის მაისის პირველი დეკადის ჩათვლით გასტანს).” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები