მწერალი, გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს გვიზიარებს:
“🐶 ამერიკაში მოგზაურობა ამერიკის ვიზის მიღებით იწყება, მე კი გასაუბრების წინადღეს წელი ისე გამიშეშდა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. საელჩოში მისვლა გადავიფიქრე, მაინც უარს მეტყვიან და რაღას ვიწვალო-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ვიზის მოსაკრებლის 400 ლარი დამენანა, გამაყუჩებელი ნემსი დავირჭე და ჭადრაკის ცხენივით მივადექი საქართველოში ყველაზე დაცულ შენობას.
🐱 ვინც გასაუბრებაზე ყოფილა, ეცოდინება უსიამოვნო პროცესია, ერთ დარბაზში სხედან მომლოდინენი და ერთმანეთის ტყუილებს უსმენენ. „სახაჭაპურე მაქვს!“, „ცოლისდის მული გათხოვდა და ქორწილში მივდივარ!“, „ტრამპის ინაუგურაციაზე ფოტოგრაფად დამიქირავეს!“ „გეები ვართ და გვდევნიან!“ და ეგეთები.
🐭 ჩემამდე ალბათ 30 კაცი მივიდა ფანჯარასთან და ყველას ყვითელი ფურცელი მისცეს. ერთი პასპორტი დაიტოვეს, იმასაც ფოტო არ ჰქონდა ნორმალური, 3X4 ზე სტანდარტით მიიტანა და წუწუნებდა, ახლა თავიდან მომიწევს 6 ლარის გადახდაო.
🐻 ჩემ წინ ძალიან ცნობილი ქართველი მომღერალი მივიდა. შვილი ამერიკაში ცხოვრობსო, იცით მე პირველად როდის ვიყავი იქო? ქართველებისთვის უნდა ვიმღეროო და ეგეთები. უარი სტკიცეს და ძალიან აღშფოთებულმა „თქვენ არ იცით ვის ეუბნებით უარს და კომპეტენტური ხალხი ამუშავეთ აქო!“ დატოვა შენობა.
🧸 მე მოკაკვული მივედი ფანჯარასთან. არ ვიცი, ეგონა ვეაჯებოდი და იმიტომ ვიდექი მცირე მეტანიის პოზაში თუ რა იყო, ცოტა კითხვა დამისვა. შვილებს რა ქვიათ და ამერიკაში რა მინდა.
– ჩემმა ცოლმა აიჩემა ბრონქსის ზოოპარკის ნახვა, თორემ, სიმართლე გითხრათ, აქვე ესპანეთში წასვლა მერჩივნა თევზის საჭმელად, მე ევროპა უფრო მომწონს! – ვეუბნები.
🐻❄ კონსულები თევზის თვალებით იყურებიან ზოგადად და ისიც ასეთი იყო. ახლა დაბადების დღე მკითხა. ვიფიქრე, რომ მასაც რაღაც უჭირდა, რადგან ყველამ იცის საკუთარი დაბადების დღე და კითხვას ვუბრუნებ და ისეთ რამეს ვეკითხები, ეღიმება. რობოტი არ ყოფილა, ადამიანია.
🐯 დაბადების დღე ისევ მკითხა და როცა ვუპასუხე, როდის გეგმავ ამ იძულებით მოგზაურობასო?
🦁 წელი ისე მტკიოდა, ოღონდ დროზე მორჩენილიყო და გაბრაზებით ვუთხარი ხუთშაბათს-მეთქი
🐮 თავი გადააქნია დანანებით. ვფიქრობ, უეჭველი იცის ანგარიშზე ლარი და 58 თეთრი რომ მიდევს და მშვიდობით 400 ლარო. ძალიან მოკლე ვადა აგიღიათ, ხუთშაბათი სამ დღეშია, მაშინ პასპორტს კურიერი მოგიტანთ და ხვალ ვიზა გექნებათო.
🐸 მე ყურებს არ ვუჯერებ და უნებურად ვჯიუტდები. არ მინდა კურიერი, ჩემი ფეხით მივალ და წავიღებ-მეთქი.
It’s up 2 U! – ამბობს და პასპორტს იტოვებს. 🐵🙈🙉
JFK-ში ჯდება ჩემი თვითმფრინავი.
ბრონქსის ზოოპარკი რომ ბრონქსში არ იყოს, რეკომენდაციას არ გავუწევდი, მიუხედავად იმისა, რომ კონცეფცია ძალიან კარგადაა შერჩეული (დამთვალიერებელს შეგრძნება უჩნდება, რომ უშუალო კონტაქტში შედის გარეულ ცხოველებთან, რადგან არსად გვხვდება გალია და უზარმაზარი ღობეები, ზამთრის ვოლიერებში კი უზარმაზარი შუშის მიღმა განთავსებულ ცხოველებს ერთი ხელის გაწვდენაზე ხედავ) და Bronx Zoo-ც New York-ის Must See კატეგორიის მთავარ ათეულშია შესული.
🐒 ბრონქსამდე მეტროთი მივდივართ. როცა ვამბობ რომ ზოოპარკის ნახვა მინდა და უფრო მეტად ბრონქსისა და ჰარლემის ნახვა, ჩემი ამერიკელი მასპინძელიც კი ხელებს ასავსავებს. სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული საშიშროება აქ არაა, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, 90-იანი წლების ზედა ლოტკინის დასახლება. მე იქაც მივლია და ბრონქსის დათვალიერება ძალიან მაინტერესებს.
🦍 ქუჩები ბინძურია. მანჰეტენის მერე აქაურობა უფრო ჭუჭყიანიც მეჩვენება. განწყობაც სხვანაირია, სუნიც სხვანაირი. მეტროს ამოსასვლელი მეშლება ორი სადგურით ადრე ამოვდივარ. ამერიკულ ბლოკბასტერებში რომ მრუმე ქუჩებია, ნარკოდილერებითა და მეძავებით სავსე, ქუჩაში რომ ურნებიდან კვამლი ამოდის და ეს-ესაა დანაშაული უნდა მოხდეს, აი ეგეთი ადგილია.
🐔 ძირითადად აფროამერიკელებს ვხედავ მეტროშიც ნახევრად ცარიელ ქუჩაშიც.
🐧 თუ მანჰეტენზე ზომიერი თავისუფლებაა, აქ მეტი სილაღე იგრძნობა. აგერ ბაქანზე ვიღაც ბიჭი ხმამაღლა მღერის, მოხუცი ქალი კი თავისთვის ჩხუბობს. 2 პოლიციელს 3 ახალგაზრდა ყავთ გაჩერებული და საბუთებს უმოწმებენ, სიარულითაც სხვანაირად დადიან აქ, ბრონქსში.
🪰 დილის 9 საათი ამერიკისთვის გახურებული სამუშაო დროა, მაგრამ ეს აქაურობას არ ეტყობა. თბილისი მახსენდება. ქალაქი რომ ახლა იწყებს გაღვიძებას და ქუჩაც ნელ-ნელა ბზუის.
🐢 შუახნის ქალი გვირჩევს ზოოპარკისკენ ისევ მეტროთი წავიდეთ, რადგან 2 კვარტლის იქით ვართ წასასვლელი და სასიარულო მერეც ბევრია.
🦞 ზამთარი ის დრო ნამდვილად არაა, ზოოპარკის დათვალიერება რომ ღირდეს. ბუნებაც რაღაცნაირად მობუზულია. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებულ ვოლიერებში ცხოველების პოვნაც ჭირს. 4 D კინოთეატრი ბავშვებისთვის, შიდა რესტორნები და სხვა არ მუშაობს, ბილეთი კი მაინც 25 დოლარი ღირს.
🦎 სტანდარტულად აქაურობის დათვალიერებას 4 საათი სჭირდება, მაგრამ მინუს 1 ტემპერატურაზე ბევრი ხეტიალი გვიჭირს. Shuttle ებიც არ ქირავდება და გინდა არ გინდა ფეხითაა სასიარულო. სიცივეს თავს შიდა ვოლიერებს და რამდენიმე სუვენირების მაღაზიას ვაფარებთ. ყველაზე შთამბეჭდავი ჟირაფების ახლოდან ნახვაა. ლომების ვოლიერი კი ისეა დაგეგმარებული, ჩვენთან ერთად მოსეირნე დედა შვილს ხელში იყვანს და გულზე იხუტებს – თითქოს ეს-ესაა 20 სანტიმეტრი სიმაღლის ხის ღობიდან ხვადი შემოგვახტება.
🐘 ნაშუადღევს ისევ ქუჩაში გავდივართ. ვერც კაფეებს ვპოულობთ და ვერც გარე კვების ობიექტებს. 1 საათი მოცდა მოგვიწევს სანამ ქალაქის ცენტრში საჭმელად გავალთ.
🦏 ქუჩა ისევ ნახევრად ცარიელია. რაღაცნაირი განწყობა ტრიალებს, აქ ყველაფერზე წამსვლელები არიან, დოჩანაშვილის კამორა და შუა ქალაქი მახსენდება, არადა ვისაც გინდა ჰკითხე, პასუხი თავაზიანია „Yes Sir, No Mem”. სახელის ამბავია, თორემ თბილისელ კაცს რა გაგაკვირვებს?
🦛 და მაინც, მგონია, რომ ღამით აქ დიდი ამბები ტრიალებს, დიდი თავგადასავლები.
🦀 მანჰეტენზე სასტუმროში ვბრუნდებით და ისევ ზოოპარკზე ფიქრები მომყვება – მე რომ დირექტორი ვიყო, გავუშვებდი ცხოველებს თავისუფლებაზე და ვეტყოდი – წადით, ნახეთ დედამიწა რა მრავალფეროვანია!”-წერს მეგრელიშვილი.
სხვა სიახლეები