„ეროსი განსაკუთრებული სიღრმით და სიშმაგითა განიცდება“ – დღეს იტალიელი რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის დაბადების დღეა
დღეს ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის დაბადების დღეა. პაზოლინი 1922 წლის 5 მარტს დაიბადა. რეჟისურის გარდა მან ბევრ სხვა ფეროშიც მიაღწია წარმატებას, პაზოლინი იყო გამოჩენილი ფილოსოფოსი, ლინგვისტი, რომანისტი, დრამატურგი, გაზეთების და ჟურნალების მესვეტე, მსახიობი, მხატვარი და პოლიტიკური მოღვაწე.
განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფილმებით: „აკატონე“, „მათეს სახარება“, „დეკამერონი“, „კენტერბერიული მოთხრობები“. პაზოლინი საკუთარ თავს „კათოლიკე მარქსისტს“ უწოდებდა. თავისი შემოქმედებით თანამედროვე საზოგადოებაში გემოვნების უქონლობაზე მიუთითებდა. მას მეგობარი, მწერალი ალბერტო მორავია მას XX საუკუნის მეორე ნახევრის „დიდ იტალიელ პოეტს“ უწოდებდა.
პიერ პაოლო პაზოლინი დაიბადა მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციით გამორჩეულ ქალაქ ბოლონიაში. პაზოლინის მამა ფაშისტი იყო. მოგვიანებით პაზოლინი აღნიშნავდა, რომ თავის ფილმში „ოიდიპოს მეფე“ საკუთარი წინააღმდეგობებით აღსავსე ბავშვობა აღწერა. პაზოლინის ოჯახი წარმოშობით იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან — ფრიულიდან იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რეტო-რომანულ დიალექტზე, ფრიულანოზე მეტყველებს.
მოგვიანებით პაზოლინიმ საკუთარი გამოხატვის ფორმად რომის გარეუბნების უხეში ენა აირჩია. ბავშვობის დიდი ნაწილი მან დედამისის მშობლიურ მხარეში — კაზარსა-დელა-დელიციაში, ვენეციის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაატარა. ამ პერიოდში ის დაინტერესებული იყო ამ რეგიონის დიალექტით. 1937 წელს პაზოლინი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და ხელოვნების ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო ბოლონიის უნივერსიტეტში. ამ ხანებშივე დაიწყო სტატიების გამოქვეყნება პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „არქი ტრავეში“ და წერდა ლექსებს ფრიულურ დიალექტზე. პაზოლინის ლექსების პირველი კრებული „Versi a Casarsa“, საკუთარი ხარჯით, 1942 წელს გამოსცა. მასში დიდი სიყვარული გამოხატა „მშობლიური ენის“, ფრიულური ბუნების და მისი მცხოვრებლების მიმართ. 1955 წელს გამოსცა პირველი რომანი „ქუჩის ბიჭები“, რომელსაც სასტიკი ცენზურა მოყვა. ავტორს უჩიოდნენ უხამსობისა და ამორალურობის ბრალდებით და არ დაუშვეს ლიტერატურულ პრემიებზე „სტრეგასა“ და „ვიარჯოზე“. პაზოლინის პერსონაჟების საზოგადოებისგან განდევნილი ადამიანები არიან, რომლებიც მდიდარ შინაგან სამყაროს ინახავენ (მართალია, ცუდსაც და კარგსაც, აგრესიულსაც და ჰუმანურსაც, მაგრამ აარაერთგვაროვანს, ცოცხალს). პაზოლინის ფილმების უმეტესობა იმ დროსა და სივრცეს აღადგენს, რომელთაც ცივილიზაციის რეპრესია და სისტემატიზაცია ჯერ არ შეხებია.
“პირველყოფილ ბარბაროსობაში არის რაღაც წმინდა, კარგი და სისასტიიკის გამოვლენა უკიდურესად იშვიათია. ასეა თუ ისე , რაც უფრო პირველყოფილია, მით ნაკლებად ანგარებიანი, ანგარიშიანი, აგრესიული და ტერორისტულია”, – ამბობდა პაზოლინი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი აზრით, თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება, ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. ამიტომაც ევლინება ტიპიურ მსხვილბურჟუაზიულ ოჯახს ღმერთი (თუ ანგელოზი) ადამიანური სახით “თეორემაში”, ისე, როგორც თავის დროზე დიონისე მოევლინა ხალხს, რათა შეახსენოს ადამიანებს, რომ იცხოვრონ და უყვარდეთ. უყვარდეთ ყოველგვარი ანგარებისა და საზოგადოებრივი ნორმების, ჩარჩოების გარეშე, ისე, როგორც მისი ‘სიცოცხლის ტრილოგიაში” , რომლის შესახებაც პაზოლინი წერდა: „მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება; სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით, საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია. მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუბნებით, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო”…
პაზოლინი 1975 წლის 2 ნოემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.