თითოეული ჩვენგანი ხშირად ყიდულობს წყალს ბოთლით. რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ პოლიეთილენის ბოთლში ჩასხმულმა წყალმა ჯანმრთელობა არ დაგვიზიანოს? პირველ რიგში, უნდა დავაკვირდეთ ძირს – ხომ არ არის მასზე მოყვითალო ფერის ნალექი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი. თითოეულ ბოთლზე არის მარკირება, რომელიც გვამცნობს, რა სახის მასალებისგან არის დამზადებული ის და საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის.
1. PETE
ამ ნიშნით წარმოებული ბოთლები ერთჯერადია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბოთლში საკუთარი წყლის ჩასხმა და, მაგალითად, მაცივარში შედგმა, რათა ზაფხულში ცივი წყალი მუდამ გვქონდეს, არ შეიძლება. ამ ბოთლების ერთჯერადობა იმას ნიშნავს, რომ პოლიეთილენი, რომლისგანაც PETE-ს ნიშნით წარმოებული ბოთლები კეთდება, მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საშიშ ელემენტებს.
2. HDP, ანუ HDPE
ამ ნიშნით წარმოებული პოლიეთლენის ბოთლები მაღალი ხარისხისაა და, მათი მრავალჯერადი გამოყენებისას, თქვენ საფრთხე არ დაგემუქრებათ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სწორედ ამ ნიშნის მქონე ბოთლები შევიძინოთ. ამასთან, ასეთი ბოთლების გადამუშავება მარტივია და გარემოსთვისაც საფრთხეს არ წარმოადგენს. ასეთი ტიპის პოლიეთილენი უფრო უხეშია და ხშირად რძის, სარეცხი საშუალებების და სათამაშოების წარმოებაში გამოიყენება.
3. PVC ანუ V
ნივთები, რომლებიც ამ ტიპის ე.წ. პლასტმასისგან მზადდება, სულ მცირე, ორ საშიშ ქიმიკატს გამოყოფენ. ეს ქიმიკატები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ადამიანების ჰორმონალურ ბალანსზე. ეს გახლავთ რბილი, დრეკადი პოლიეთილენი, რომელშიც სათამაშოებს და საკვებ ზეთს ინახავენ. ამ ე.წ. პლასტმასით იფუთება ჩვენ მიერ ყოველდღიურად მოხმარებული ნივთების უდიდესი ნაწილი. ასევე, მისგან ამზადებენ კარ-ფანჯარას. ექსპერტები გვირჩევენ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ამ კატეგორიის პოლიეთილენის მოხმარებისგან.
4. LDPE
ამ მარკის პოლიეთილენით ბოთლები და პარკები იწარმოება. ის არ გამოყოფს საშიშ ნივთიერებებს წყალში. თუმცა არ არის რეკომენდებული ამ ბოთლებში ონკანის წყლის ჩასხმა და შენახვა. რაც შეეხება პოლიეთილენის ცელოფანებს, მეცნიერები მათ მოხმარებას და საკვების შენახვას არ გვირჩევენ.
5. PP
ამ ნიშნით გამოშვებული პოლიეთილენი არის თეთრი ფერის. გამოიყენება სიროპებისა და იოგურტის შესაფუთად. პოლიპროპილენის მთავარი ღირსება მისი თერმოგამძლეობაა. გაცხელების შემთხვევაში ის არ დნება და შედარებით უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
6. PS
ხშირად გამოიყენებენ ყავის ჭიქების და სწრაფი კვების კონტეინერების წარმოებაში. თუმცა, ამ სახის პოლიეთილენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გაცხელების დროს ის საშიშ ქიმიურ შენაერთებს გამოყოფს. პოლისტიროლი – ეს არის იაფი, მსუბუქი და მდგრადი პოლიეთილენი, რომელიც არ არის უსაფრთხო ცხელი საკვებისა და სასმელის შესანახად.
7. PC
ეს პოლიეთილენის ყველაზე სახიფათო სახეობაა. გამოიყენება წყლის ბოთლებისა და საკვები კონტეინერების წარმოებისთვის. პოლიკარბონატის შემცველ კონტეინერში წყლის ან საკვების შენახვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის გამოყოფს ნივთიერება „ბისფენოლ ა“-ს, რომელიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემას ანგრევს. ასევე, ახშობს ორგანიზმის მიერ ჰორმონ „ესტროგენის“ გამოყოფის უნარს.
არ დაგავიწყდეთ, რომ პოლიეთილენთან შედარებით, შუშის ბოთლები ყველაზე უსაფრთხოა და მრავალჯერადად მისი გამოყენება არავითარ საფრთხეს არ შეგიქმნით.