ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი – დეპუტატ სოფო კილაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე mshoblebi.ge-თან ინტერვიუში გერმანიაში წასვლის და იქ ცხოვრების დეტალებს იხსენებს.

„ბავშვობიდანვე ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ამაში ალბათ ზოდიაქოც მიწყობს ხელს, თხის რქა ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა, მეტი წიგნი წამეკითხა. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნებიც ძალიან მიყვარდა. ბევრს ვკითხულობდი. ნამდვილად მინდოდა და მომწონდა კარგად სწავლა, ცოდნის მიღება“, – ამბობს კილაძე.

მისივე თქმით, გერმანიაში კარგი განათლების მისაღებად წავიდა.

„დედა ჩემი წასვლის წინააღმდეგი იყო, ეშინოდა, რადგან 2002 წელს კომუნიკაციის საშუალებები ასე განვითარებული არ იყო, მამამ მხარი დამიჭირა. მე კი სერიოზული პრინციპულობა გამოვიჩინე და სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე წავედი გერმანიაში“, – ამბობს სოფო კილაძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე გერმანიაში მუშაობა მომვლელად დაიწყო.

„ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. თავიდან ძიძად წავედი, რადგან გერმანული არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი. ერთი წელიწადი ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი და ამ ოჯახთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. რომ ამბობენ, გერმანელები ცივი ხალხიაო, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ის ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობდი, გვერდით დამიდგნენ და ყველაფერში დამეხმარნენ. თუმცა, მეც ძალიან ბევრს ვშრომობდი და თავადაც ხედავდნენ ჩემგან კეთილგანწყობას. ბავშვები თავიდანვე მიყვარდა და ეს საქმე არც გამჭირვებია. ერთადერთი გამიჭირდა ის, რომ კომუნიკაციის ბევრი საშუალება არ იყო და ხშირად ვერ ვეკონტაქტებოდი ოჯახს. ერთ წელში იმდენი მოვახერხე, რომ ენაც საფუძვლიანად შევისწავლე. სხვათა შორის, თავად ვისწავლე, დამოუკიდებლად ისევე, როგორც მანამდე ინგლისური და რუსული. დღე ვმუშაობდი და ღამე ვსწავლობდი, შაბათ-კვირასაც სწავლისთვის ვიყენებდი. ერთ წელიწადში ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

ამის მერე უფრო რთული პერიოდი დაიწყო. ენა ახალი ნასწავლი მქონდა, გერმანული იურიდიული ენის გაგება კი გერმანელებსაც უჭირთ, არათუ უცხოელებს. ვუყურებდი, როგორ იჭრებოდა სახელმწიფო გამოცდებზე უფროს კურსელების 30-40 პროცენტი და ამით სრულდებოდა მათი კარიერა. ემოციურად ძალიან რთული იყო ამის ყურება. სახელმწიფო გამოცდაზე ჩაჭრა იურიდიული კარიერის დასასრულია, მეორე შანსი აღარ გექნება, დიდი რისკია, რომ ან დაამთავრებ, ან ვერა და სტუდენტობის რთულ წლებს წყალში გადაყრი. თავდაუზოგავი შრომით შევძელი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება“, – ყვება დეპუტატი სოფო კილაძე.

– ამბობთ, რომ ყოველი წუთი გამოთვლილი გაქვთ. ფორტეპიანოზე დაკვრაც თავიდანვე გქონდათ გამიზნული? ამბობენ, რომ ძალიან კარგად უკრავთ…

– დიახ, ბავშვობაში ვისწავლე, თუმცა ეს დედისა და ბებიის გადაწყვეტილება იყო. ფიქრობდნენ, რომ მე და ჩემს დას აუცილებლად უნდა გვევლო მუსიკაზე. დიდად არ მიყვარდა იმიტომ, რომ მკაცრი მასწავლებელი მყავდა და ბევრს გვამეცადინებდა, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო. სმენაც მიწყობს ხელს, თუმცა ფორტეპიანოზე დაკვრას მუდმივად სჭირდება ვარჯიში. რაც გერმანიაში წავედი, თითებს დააკლდა ვარჯიში. როდესაც პოლიტიკაში აღარ ვიქნები, იმედია, დავუბრუნდები ჩემს საყვარელ კლასიკურ მუსიკას.

– შემდეგ მიატოვეთ ყველაფერი და საქართველოში დაბრუნდით?

– მაშინვე არ მიმიტოვებია. შვებულებით ჩამოვედი და აღარ დავბრუნდი. ჩემი იქაური ნივთებიც მეგობრებმა გამომიგზავნეს. გერმანიამ ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ სამშობლო ერთია, განსაკუთრებულია და ის არ არის მხოლოდ მიწის ნაგლეჯი. ეს არის კულტურა, წარსული, სულიერება, ფესვები, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში. თავისუფლად შემეძლო გერმანიაში მოქალაქეობა მიმეღო, მაგრამ მაშინ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დამეთმო, რაც არ მოვისურვე. ჩემს ოჯახთან ყოფნა მინდოდა. ასევე მგონია, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ვისაც რა შეუძლია. იქ ნებისმიერ დროს შემიძლია დავბრუნდე, უბრალოდ აქაურობა მიყვარს და აქ მინდა ყოფნა. აქ რომ ჩამოვედი, რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დავიწყე. შემდეგ ბატონმა ბიძინამ დააანონსა ხელისუფლებაში მოსვლა და მეც შევუერთდი ამ მოძრაობას. 2012 წელს მივიღე შეთავაზება შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემომთავაზეს საერთაშორისო მიმართულებით მუშაობა, დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. საერთაშორისო მიმართულების გარდა ვმუშაობდი რეფორმებზე. ვარ პოლიციის ახალი კანონის თანაავტორი, ჩემი ინიციატივა იყო ე.წ. “კრაკადილის” წინააღმდეგ რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, ფაქტობრივად, ეს ნარკოტიკები აღარ გვხვდება ქვეყანაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ასევე ავტორი ვარ კანონის ბიონარკოტიკის წინააღმდეგ, რომელმაც ასევე ძალიან შეამცირა მისი მოხმარება საქართველოში. ავტორი ვარ ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის კონცეფციის. ის ამერიკული და ბრიტანული გამოცდილებიდან გადმოვიტანეთ და ახლაც წარმატებით ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემდეგ დამაწინაურეს და გავხდი შსს აკადემიის პრორექტორი. შემდეგ უკვე მივიღე შემოთავაზება “ქართული ოცნებიდან”. იმ პერიოდში უნდოდათ გუნდის გაახლება, ეძებდნენ ადამიანებს, რომლებსაც დასავლეთში ჰქონდათ განათლება მიღებული. ასე გავხდი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი.

– გერმანიის შემდეგ საქართველოში მუშაობამ რა სიახლეები მოგიტანათ, რა განსხვავება იგრძენით ყველაზე მეტად?

– სხვაობა, რა თქმა უნდა, იყო. ყველაზე მეტად, რაც ხელს მიშლის მუშაობაში დღესაც, ეს არაორგანიზებულობა და ქაოსია. ქართველებს გვიჭირს დისციპლინა და წესრიგი, არადა ასეთი არაორგანიზებულობით ადამიანებიც და ქვეყანაც ბევრს კარგავს. თავად სულ ვცდილობ, რომ ყველაფერი წინასწარ მქონდეს დაგეგმილი, ვცდილობ, ყოველი წუთი გამოვიყენო, მაგრამ ჩვენთან ბოლომდე ასე არ გამოდის. ჩვენ თუ შევძლებთ, გამოვასწოროთ ჩვენი არაორგანიზებულობა, ქვეყანაში ბევრი რამ ბევრად უკეთ გამოგვივა და უფრო წინ წავალთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები