თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველმა კურსელებმა ლექტორს ჩატარებული სემესტრისთვის მადლობა ორიგინალური მეთოდით გადაუხადეს.
ემოციურ ვიდეოს სოციალურ ქსელში გიორგი სვანიძე ავრცელებს წარწერით:
„ეს მაინც გავიხსენოთ ზუმში გატარებული სტუდენტობისას“
თავად ლექტორი ნინო პოპიაშვილი მომხდარზე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:
„სემესტრი ორ კვირაში სრულდება.
კანონზომიერებად იქცა გამორთული კამერები.
დღეს ასეთი სიურპიზი მომიწყვეს ჩემმა სტუდენტებმა: ყველამ ერთდროულად ჩართო კამერა და მათი ხელით დაწერილი ეს პლაკატები გამოჩნდა.
მოულოდნელობა, დაბნეულობა, აღელვება, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთმანეთს შეერწყა. საოცარი განცდა იყო, დაუვიწყარი და უბედნიერესი.
უნდა ვთქვა ისიც, რომ ყოველთვის, ყოველი საგნის, სასწავლო კურსის ყოველი ლექციის დასაწყისში და დასასრულს საკუთარ თავთან უამრავი შეითხვა მაქვს. ეს შეკითხვები კიდევ უფრო გამრავლდა დისტანციური სემესტრების დროს. წინა სემესტრის გამოცდილება ამ სემესტრში დამეხმარა როგორც ტექნიკურად, ისე მეთოდურად, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ კიდევ უკეთესად შეიძლება.
აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე ვმსჯელობდით, ერთ-ერთ ნაშრომს განვიხილავდით. ასეთ დროს განსაკუთრებით სერიოზული და შეუვალი ვარ. სრულიად მოულოდნელად მთხოვა ერთმა სტუდენტმა ყურადღება. ზუმის ეკრანს დავუბრუნდი და ყველანი ისეთი გახალისებულები იყვნენ… ეკრანზე პლაკატები გამოჩნდა, მიკროფონებში კი ლამაზი და თბილი სიტყვები მესმოდა…
უღრმესი მადლობა! ბედნიერი ვარ! მიყვარხართ!“, – ამბობს ნინო პოპიაშვილი თავის სტატუსში.