“საკუთარ ფილმებს არ განვსჯი. ეს მაყურებლის და კრიტიკოსების საქმეა…”
ელდარ შენგელაიას ეტყობა, იუმორის გრძნობა ყოველთვის მოჭარბებული ჰქონდა. ამიტომაც ხუმრობდა თავის თავზე ხშირად… ჯერ ნიკოლოზ შენგელაიასა და ნატო ვაჩნაძის შვილი იყო… მერე მოსკოვში არიადნა შპრინკი შეირთო ცოლად და შენგელაიას გვარი მისცა. არიადნა “ევგენი ონეგინში” თამაშის შემდეგ ძალიან პოპულარული რომ გახდა, ელდარს ეკითხებოდნენ, არიადნასი ვინ ხარო… მერე გიორგი შენგელაია გახდა ცნობილი მსახიობი და – გიორგის ძმა ბრძანდებითო?.. დიახაც, იყო თავისი მშობლების შვილიცა და არიადნას მეუღლეც, გიორგის ძმაც და თავისი დიდი ოჯახის მამაც… მთავარია, რომ ელდარ შენგელაია ყოველთვის იყო ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც ხალას, ღიმილიან ფილმებს იღებდა, იყო დიდი რეჟისორი დიდი ოჯახიდან! მისი ცხოვრებაც შეიძლებოდა ერთი დიდი ხალისით სავსე ფერწერული ტილო ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი დრამატულად განვითარდა…
ჩემი დილა
პირველი მოგონება მამას უკავშირდება: აჭარაში იღებდა ფილმს. გადამღები ჯგუფი ზღვისპირა სასტუმროში იყო დაბინავებული. მახსოვს, ქარიშხალი ამოიჭრა. ზღვა ხმელეთისკენ მოიწევდა, სასტუმროშიც კი შემოვარდა. მამამ მხრებზე შემისვა და სამშვიდობოს გამიყვანა. კარგად მახსოვს, როგორ ჩავეჭიდე თმაში… მამაჩემი საოცარი კაცი იყო, ნადირობდა, თევზაობდა… მისი ნადირობის გამო ჩვენ – ბავშვები ვისჯებოდით. მწყერზე სანადიროდ რომ წავიდოდა, მოიტანდა ბევრ ნანადირევს, ბავშვებს დაგვსვამდნენ და ვპუტავდით.
მამაჩემი მემარცხენე პოეტი იყო. კოტე მარჯანიშვილი ეტლით მიდიოდა გოლოვინის პროსპექტზე, წააწყდა ვიღაც ახალგაზრდას, რომელიც ხეზე შემჯდარიყო და ლექსებს კითხულობდა, დიდმა რეჟისორმა მოუსმინა და სთხოვა, მასთან ეტლში ჩამჯდარიყო, – ჩემი ასისტენტი უნდა გახდეო. მაშინ თეატრალური კურსები იყო გახსნილი და იქ შეიყვანა. დედა მიამბობდა, როცა ეტიუდების დადგმა მოსთხოვეს, მამამ სკამები შეაერთა, ვითომ მიცვალებული იყო და მეგრულად დატირება დაიწყო. კაცს დასტიროდა… უთხრეს, მიცვალებული ქალიაო, – ამ სიტყვების გაგონებაზე შეცბა და გავიდა… კოტეს ძალიან მოსწონებია ეს სცენა. შემდეგ ეს ეპიზოდი “სამანიშვილის დედინაცვალში” გამოვიყენე – კირილე და პლატონი შედიან სატირალში, ჰგონიათ, კაცია მკვდარი და ქალი აღმოჩნდება.
ძალიან მიყვარდა მსახიობები, რომლებიც მამასთან მუშაობდნენ, განსაკუთრებით – მიხეილ გელოვანი. სტალინის როლის თამაშის მერე აუკრძალეს კინოში გადაღება. კარგად მღეროდა, ცეკვავდა. ერთხელ, გადაღებაზე ვნახე, მამა უყვიროდა. შინ რომ დავბრუნდით, მამა წამოწვა, გაზეთის კითხვა დაიწყო. ავიღე იატაკის ჯოხი, მივეპარე და დავარტყი: – შენ, ძია, მიშას ნუ უყვირი-მეთქი!
ომი რომ დაიწყო, მე და ჩემმა მეგობრებმა ომში წასვლა გადავწყვიტეთ. მამას დენთი მოვპარე, სხვებმა დანები წამოიღეს, ჩავსხედით მატარებელში და მცხეთაში მისვლამდე ჩაგვეძინა. გამცილებელმა მილიციას ჩაგვაბარა. გვკითხეს, ვინ ხართო. შემრცხვა მეთქვა, ნატო ვაჩნაძის შვილი ვარ-მეთქი, მეგობარმა უთხრა. გამოიძახეს ჩემი მშობლები. დედამ მომაკითხა…
ომის დროს მამაჩემი კახეთში იღებდა ფილმს – “ის კიდევ დაბრუნდება”. ხალხი აკლდა, ამიტომ მამა თავად უჯდა დიდი საბარგო მანქანის საჭეს. გადაღების დროს დამავალა, დამეჭირა დიდი, ფოლგაგადაკრული ფარი. ფოლგაზე არეკლილი მზე მსახიობს გაანათებდა. მახსოვს, როგორ ვცდილობდი, გაუნძრევლად მჭეროდა. ცხრა წლის ვიყავი სულ…
ერთ დღეს მამამ თარი მიყიდა. ვისწავლე სიმღერა – “თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, ბევრად ვსჯობივარ კახსაო”. ჭამას არ მაცლიდა, სულ ამ სიმღერას მთხოვდა. ძალიან უხაროდა, როცა ვუკრავდი და ვმღეროდი…
…მამა კახეთიდან ბრუნდებოდა. ვაზიანთან ცუდად გახდა. მონადირე ძაღლი ჰყავდა, “ელვა”. დაუწყია ყმუილი. დედაჩემის ხელში დალია სული. როცა მითხრეს, მამას გული გაუსკდაო, ვთქვი, – მერე რა, შეუკერონ-მეთქი. “ელვა” მამას პანაშვიდების დროს მოკვდა.
ჩემი უმცროსი ძმა – გიორგი ძალიან კარგად სწავლობდა, მე მხოლოდ იმ საგნებს ვსწავლობდი, რაც მომწონდა. დედას ძალიან ვაწვალებდი. პირველ კლასში პატარა გოგონა მეჯდა გვერდით. შინ დედაჩემის მძივი მოვიპარე და იმ გოგონას ვაჩუქე. საღამოს მასწავლებელმა დაურეკა დედას, – ქალბატონო ნატო, ხვალ ელდართან ერთად მობრძანდითო. მივედით. ის მძივი დაწყვეტილი უნახავს დამლაგებელს, მოუგროვებია. მასწავლებელმა დედას აჩვენა: ეს ხომ თქვენიაო. მიხვდა დედა, რაშიც იყო საქმე. საყვედურიც არ უთქვამს, მხოლოდ მომეფერა.
ჩემი შუადღე
ბავშვობიდან მინდოდა, ტყისმცველი, ან რეჟისორი გავმხდარიყავი… სკოლა რომ დავამთავრე, ჰიდრომშენებლობების ბუმი იყო საბჭოთა კავშირში. მეც იქ შევიტანე საბუთები. ნახევარი წლის მერე მივხვდი, ეს არ იყო ჩემი საქმე. დავტოვე გეპეი. დედას ვუთხარი, ვგიკში (საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი), სარეჟისორო ფაკულტეტზე უნდა შევიდე-მეთქი.
დედას მოსკოვიდან პროგრამა გამოუგზავნეს. დავჯექი საჯაროში და ყველაფერი ვისწავლე. ამავე დროს, დიდი “შპარგალისტი” ვიყავი.
ჩავედით მოსკოვში მე და დედა. ბინად შესანიშნავ მთარგმნელ ფატი თვალთვაძესთან გავჩერდით. გამოვუცხადე დედას, თუ საგულშემატკივროდ წამოხვალ, გამოცდაზე აღარ გავალ-მეთქი. ახლოსაც არ გაგეკარებიო. წავედი დილის 9 საათზე. ვიდრე ჩემი დრო დადგებოდა, ვიღაც ბიჭმა მითხრა, გარეთ ერთი ქალი გეძახისო. დედა იყო. გავბრაზდი – რატომ მოხვედი-მეთქი. მინდა ისადილოო. დედა სადილად ყოველთვის გვასმევდა თითო ჭიქა წითელ ღვინოს. რესტორანში კი ერთი ჭიქა არაყი შეუკვეთა, ეს უნდა დალიოო. ასე გამიშვა გამოცდაზე.
რუსულის გამოცდაზე მოვიდა თემა “გორკი და სოციალისტური რეალიზმი”. გამომადგა “შპარგალკა”. ისე გადავწერე, ასო არ გამომიტოვებია. მეორე დღეს ერთი აბიტურიენტი შემხვდა: ვიღაც ქართველს ისე დაუწერია თემა, ხუთიანი მიიღო, ჩვენ, რუსებმა კი სულ სამიანები და ორები მივიღეთო. შევიცხადე: რა საშინელებაა-მეთქი, არადა მივხვდი, ის ქართველი მე ვიყავი.
ვგიკში სემესტრის გამოცდების შემდეგ ერთგვარ გაცხრილვას აწყობდნენ. სემესტრის შემდეგ დედამ ჩამომაკითხა. ეშინოდა, არ გავერიცხე. დედას უკან გასაფრენი ბილეთი აღებული ჰქონდა. მე და ჩემმა მეგობრებმა – თამაზ მელიავამ, გურამ ასათიანმა გადავწყვიტეთ, ჩვენს მეგობართან – თემიკო ჩირგაძესთან ჩავსულიყავით სოფელ ვოროტინსკში, კალუგის ოლქში, სადაც ის ექიმად მუშაობდა. დაგვხვდა სადგურზე. იმ დღეს კარგად მოვილხინეთ და დავიძინეთ. ღამის სამ საათზე გამომეღვიძა. ეს საოცრება იყო, რადგან ძალიან მიჭირდა გაღვიძება. საერთო საცხოვრებელშიც კი ჩემი მეგობარი ლიოშა ზახაროვი მაღვიძებდა ხოლმე. დედას ნათქვამი ჰქონდა, თუ არ ჩამოხვალ, აღარ გავფრინდებიო.
ამიტომაც ავჩქარდი. თემიკომ – აქედან მატარებელი არ გადისო. დავიჟინე, დედას დავპირდი და საბარგო მატარებლით მაინც წავალ-მეთქი. მართლაც, საბარგო მატარებელს გავყევი. გაფრენამდე ნახევარი საათით ადრე მივუსწარი დედას. ახლდნენ მსახიობი ლუბოვ ორლოვა, მისი მეუღლე – გრიგორი ალექსანდროვი, ჩემი უფროსი ძმა – თენგიზი. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო… დედა რომ დაიღუპა, ჩვენი მშობლების მეგობარმა სერგეი გერასიმოვმა ბილეთები აგვიღო. ოთხი დღე მოვდიოდით. მცხეთაში დაგვხვდა ლამის მთელი კინოსტუდია… დაკრძალვაზე ზღვა ხალხი მოვიდა. დიდუბეში კუბო ხალხის ტალღას გადაატარეს თავზე… კირა დეიდამ მითხრა – კუბოში მხოლოდ ხელის მტევანი და ბეჭედი იყოო…
ჩემზე ძალიან ზრუნავდა გიორგი, რომელსაც იმ პერიოდში ფილმებში იღებდნენ და შემოსავალიც ჰქონდა. გამოცდების ჩასაბარებლად რომ ჩამოვიდა, დახეული პალტო მეცვა. წამიყვანა მკერავთან. გიორგის ყველა იცნობდა. ერთხელ ინსპექტორმა გამაჩერა. გვარი რომ წაიკითხა, გიორგისა ვინა ხარო. ძმა-მეთქი. მაშინ გაპატიებო…
პირველი მუნჯი ფილმი კალათბურთზე გადავიღე. ერთ-ერთი კალათბურთელის როლი ანდრეი ტარკოვსკიმ შეასრულა. მამამისთან ჩემი მშობლები მეგობრობდნენ და არ გაგვჭირვებია საერთო ენის გამოძებნა. სამწუხაროა, რომ ეს ფირი განადგურდა… როცა კინოკავშირის თავმჯდომარე გავხდი, ვცდილობდი, მეპატრონა მისთვის. დატანჯული იყო, ფილმებს უწუნებდნენ… ჩამოგვყავდა საბჭოთა კინოს პროპაგანდის ბიუროს მეშვეობით, აჩვენებდა სურათს, ვუგროვებდით თანხას და წელში გამართულს ვუშვებდით. იტალიაში ვიყავით კინოფესტივალზე. დამირეკა: რომში ამა და ამ ადგილზე შეგხვდებიო. იმ დღეს ქალაქი დამათვალიერებინა, საღამოს ტონინო გუერასთან წამიყვანა… მას მერე აღარც მინახავს.
მე და ლიოშა ზახაროვმა ერთად გადავიღეთ “გაყინული გულის ლეგენდა”. ჩვენმა პედაგოგმა, სერგეი იუტკევიჩმა, სცენარი მოგვცა და გვითხრა: ძალიან ცუდი სცენარია, მაგრამ თუკი ნამდვილად რეჟისორები ხართ, რამე უნდა მოიფიქროთო. ვიწვალეთ და დავიწყეთ გადაღება. ახალგაზრდები ვიყავით და უარი არ გვითქვამს… ჩემი და ლიოშას მეორე ფილმი, “ზამთრის ზღაპარი”, კარგად მიიღეს, მაგრამ მთავრობაში ვიღაცას არ მოსწონებია… შეგვიმცირეს ჰონორარი… მაშინ პირველი ქალიშვილი – ნატო შემეძინა. წავედი და იმ ფულით ღამის ქოთანი ვუყიდე. ჩემს მეუღლეს – არიადნას, ძალიან გაუხარდა, – გვჭირდებოდაო.
ყველაზე ბევრი “თეთრი ქარავნის” გადაღებაზე ვიწვალე… წარმოგიდგენიათ ცხვრის ფარის გადაღება რამდენიმე დუბლით? თავდაპირველად ფილმს სცენარის ავტორმა მერაბ ელიოზიშვილმა დაარქვა “გზები და გზაჯვარედინები”, ნოდარ დუმბაძემ მითხრა, სათაური არ ვარგაო… ვიცი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე-მეთქი. “თეთრი ქარავანი” დაარქვიო.
მინდოდა, გადამეღო ფილმი ქართველ ავიატორებზე. დავიწყეთ მუშაობა მე და რეზო გაბრიაძემ “შერეკილებზე”. ფილმის გმირები რომ აფრინდნენ, კიდევ ვაგრძელებდით სცენარის წერას და რომ არა მეგობრების რჩევა, აქ შეწყვიტეთო, არ ვიცი, სადამდე გავაგრძელებდით…
გორბაჩოვმა “ცისფერი მთები” ლიძავაში ნახა. შევარდნაძისთვის უთქვამს, თუ რამე არ ვიღონეთ, სახელმწიფო თავზე დაგვენგრევაო… ერთს კი უთქვამს, ეს ფილმი რომ არ მივიღოთ, იტყვიან, რომ ჩვენზეა გადაღებულიო. მიიღეს. ბოლო ფილმი “ექსპრეს ინფორმაცია” 1993 წელს დავასრულე. საკუთარ ფილმებს არ განვსჯი. კი ვფიქრობ ხოლმე რაღაცას, მაგრამ ეს მაინც მაყურებლის და კრიტიკოსების საქმეა…
ჩემი საღამო
ჩემი მიმწუხრი და უდიდესი ტკივილია ჩემი უმცროსი ქალიშვილი – ელენე. თავის მოკვლა მინდოდა, ის რომ დაიღუპა. საოცარი გოგო იყო. სწავლობდა ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში. ყველაფერში უმაღლესი შეფასება ჩამოიტანა. ამბობდა, ინგლისურში მოწაფეებს ავიყვანო… მერე დასძენდა, – აბა, ჩემთან ვინ მოვა, ასეთი პატარა ვარო…
მისი გარდაცვალების მეორე დღეს პატრიარქი მობრძანდა. მაშინ მაინცდამაინც ეკლესიური არ ვიყავი. მართალია, ბავშვობაში ბებიას დავყავდი ეკლესიაში, წითელ კვერცხებსაც ღებავდა, მაგრამ სხვა შეხება არ მქონია ეკლესიასთან… და კიდევ, არიადნა რომ შევირთე, ვუთხარი, წამოდი ეკლესიაში, სანთლები დავანთოთ და მერე მოვაწეროთ ხელი-მეთქი… თუმცა გაცნობიერებული არც მქონდა, ასე რატომ მოვიქეცი…
მას მერე, რაც უწმინდესმა და უნეტარესმა გვითხრა, ელენეს სული ცოცხალიაო, სხვაგვარად შევხედე ყველაფერს. შემდეგ გოგი ხარაბაძემ წაგვიყვანა ქაშუეთის ეკლესიაში მამა გიორგი ზვიადაძესთან… ასე დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ნელი შენგელაიამ ეკლესიური ცხოვრება…
ძალიან თუ შევიცვალე? ალბათ…
რამეს თუ შევცვლიდი? ცხადია, შევცვლიდი… თუმცა ბოროტება არასდროს ჩამიდენია, ეს სიმძიმე არ მაწევს გულზე…
წყარო: kvirispalitra.ge