მე იმხანად დიდი არეულობა მქონდა სატელევიზიო ცხოვრებაში და დედამ, ვითომც არაფერი იცოდა, დახმარება შემომთავაზა, ჩემთან მოდი “პროფილში” ოჯახიან-ჟურნალიანადო. შენ კი იცი, “პროფილი” წარმატებული სტარტისთვის რას ნიშნავდა და ასე “დამსტარტა” დედამ. მერე თქვენი ერთობლივი ფოტოსესიები იყო, პირველად იქ გნახე, ფოტოებზე. მაიამ სადმე თოვლში გავიდეთო, ნუცასთან ბევრი ფოტო არ მაქვს და იქნებ დავითანხმოო. დაგითანხმა. იქამდე შენს თავს, ბაკურ სულაკაურის სკოლის მეორე კლასელ მოსწავლეს, დედაჩემი მახსენებს, გაბრაზებული დედაშენს ფეხებს რომ უბაკუნებდი, მე რატომ არ მიმატანინე მასწავლებლისთვის ყვავილებიო; დედაჩემი მიყვება, რომ მაიას ხუთ წუთში საიდანღაც გაუჩენია ყვავილები და შენც თურმე აღარ აბაკუნებდი ფეხებს და თაიგულმომარჯვებული იდექი ბედნიერი სახით.
მერე დუბაიში გნახე, შობის არდადეგებს მაიასთან ერთად ატარებდი ლამაზ სასტუმროში. რომ მოგიახლოვდით, მაგიდასთან ისხედით, თეთრებში ჩაცმულები და მხიარულები, თვალებით ამოწმებდი, იყო თუ არა დედას ნამდვილი მეგობარი და კეთილმოსურნე ის, ვინც მაგიდას უახლოვდებოდა. თვალებში ღიმილი რომ შეგნიშნე, მივხვდი, მეგობრების სიაში ჩამწერე. მერე? მერე არ ვიცი, იცი თუ არა, ჩემს უფროს გოგოს “ფეისბუქშტურმი” რომ მოუწყეს, დედამ სხვა ჩემს ტელემეგობრებთან ერთად ანანო დაიცვა და ისევ გვერდში ამომიდგა (ვიცი, გეტყოდნენ, ტელეჟურნალისტებმა მეგობრობა არ იციანო, არ დაიჯერო, არაა ეგრე);
ღამით, ბრაზი რომ მომერეოდა დედას, ინგას, ნანუკას სტატუსებს ვკითხულობდი და ვხვდებოდი, რომ მარტო არ ვარ. მერე? მერე დრო გავიდა და დილით დედას სტატუსი წავიკითხე შენზე, შენთან მოფრინავდა. მერე უსაშველოდ გაიწელა ის დღე და ღამის დადგომამდე ყველანი სასწაულს ველოდით, სასწაულს, რომელიც არ მოხდა. მერე შენ რომ ჩამოგიყვანეს, თქვენთან სახლში უნდა მოვსულიყავი. მოვედი, სკამზე ერთი პატარა გოგო დამხვდა, შენზე პატარა, ნუცა, რომელმაც არ იცოდა რა ეთქვა, არც მე არ ვიცოდი. “რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, მაიკო”, შენს დაპატარავებულ დედას ვუთხარი, “რაღაც უნდა მოვიფიქროთ”, მითხრა დედამ და ყველა შემომსვლელს თვალებში უყურებდა, თითქოს მათ სახეზე უნდა ამოეკითხა პასუხი.
არ გვაქვს პასუხი არავის, არც გვექნება, ალბათ. პასუხი არა, მაგრამ სათქმელი მაქვს შენთვის, ნუცა: პირობას გაძლევ, რომ მის გვერდით ვიქნები; პირობას გაძლევ, რომ შენს დედიკოს აღარასდროს და არავინ დაჩაგრავს; პირობას გაძლევ, რომ ის არ მოკვდება და არ გაქრება; პირობას გაძლევ, რომ ვეცდები დავარწმუნო, რომ მისი დაბრუნება ცხოვრებაში შენ გაგიხარდება; პირობას გაძლევ, რომ დავუმეგობრდები ირაკლის, შენს არაჩვეულებრივ მამას; პირობას გაძლევ, რომ აქამდე თუ ხმას არ ვიღებდი და მერიდებოდა, აღარ მომერიდება და ყველას დედიკოს დავიცავ, ვისაც უსამართლოდ გულს ატკენენ, დავიცავ იმიტომ, რომ თქვენი პატარა გულები ამას ყველაზე მეტად განიცდიან; პირობას გაძლევ, რომ ათას გამოგონილ საქმეებს შევამცირებ და შვილებთან ვიქნები; პირობას გაძლევ, რომ ეს ფოტოები არასდროს დამავიწყდება; პირობას გაძლევ, რომ ჩვენ ყველა ცოტათი უფრო კეთილები გავხდებით და ამ სიკეთეს შენი სახელი ერქმევა, ნუცა!