ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ, მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე. უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის. უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას”, – წერს მევლუდ მელაძე.
თბილისში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიკა ჯორჯაძეა, რომელიც აგვისტოში 16 წლის გახდებოდა. ის “აგროჰაბის” მარკეტინგის მენეჯერის – სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის – მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
Next Post
სხვა სიახლეები