ეგვიპტის დედოფალი ნეფერტიტი შესაძლოა, ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამაში ახლახანს აღმოჩენილ საიდუმლო ოთახში იყოს დაკრძალული.
ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია BBC ბრიტანელი არქიტექტორის, ნიკოლას რივსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. არქიტექტორის მტკიცებით, რადიოლოკაციური სკანირების საშუალებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტუტანჰამონის სამარხის ერთ-ერთი კედლის უკან, კიდევ 2 საიდუმლო ოთახია დამალული. ეგვიპტის მთავრობამ არქიტექტორს ნება დართო, გამოეყენებინა რადარი ისე რომ, მას ფარაონის აკლდამა არ დაეზიანებინა.
ნეფერტიტი ეგვიპტის დედოფალი ჩვენს ერამდე 1351-1334 წლებში იყო. ნიკოლას რივსი თვლის, რომ ფარაონი ტუტანჰამონი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1323 წელს, 19 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, შესაძლოა, დედოფლისთვის განკუთვნილი სამარხის წინა ნაწილში დაკრძალეს.
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტუტანჰამონი, რომლის საფლავიც 1922 წელს იქნა აღმოჩენილი, დიდი ალბათობით დედოფალ ნეფერტიტის შვილი ყოფილიყო. დოქტორმა რივსმა საკუთარი თეორია მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ეგვიპტის ხელისუფლებამ ესპანური კომპანია Factum Arte დაიქირავა, რათა მას საფლავის დეტალური სკანირება ისე ჩაეტარებინა, რომ ისტორიულ და ეროვნულ ღირებულებებს დაზიანების საფრთხე არ შექმნოდა.
სკანირების შედეგად, სამარხის გვერდით, მისი ზუსტი მოდელი აღმართეს. სკანირების შედეგებზე დაკვირვებისას, არქიტექტორმა რივსმა ერთ-ერთ კედელზე კვალი შენიშნა, რომელიც მისი განმარტებით ამტკიცებს, რომ იქ იყო 2 შესასვლელი და კიდევ 2 ოთახი. არიზონას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ოთახებშია დაკრძალული დედოფალი ნეფერტიტი.
ტუტანჰამონის სამარხი არის ერთადერთი აკლდამა ეგვიპტის ფარაონებს შორის, რომელიც მძარცველებს ხელუხლებლად გადაურჩა. დაურბეველი საფლავის აღმოჩნენისას, იქ ძველეგვიპტური კულტურის 2 ათასი ძვირფასი ნივთი იქნა ნაპოვნი.
დოქტორი რივსი ამბობს, რომ სამარხის ზოგიერთი სტრუქტურული თავისებურება მიუთითებს იმაზე, რომ იგი თავდაპირველად დედოფლისთვის იყო განკუთვნილი და არა ფარაონისთვის. მეცნიერის ეს ვარაუდები ჯერ-ჯერობით არ დასტურდება სხვა ცნობილი ეგვიპტოლოგების მიერ.
და მაინც, ვინ იყო ნეფერტიტი?
მისი სრული სახელია: ნეფერ-ნეფერუ-ატონ ნეფერტიტი (Nfr-nfr.w-Jtn-Nfr.t-jty), რაც ნიშნავს „უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის, (უნაკლო) ლამაზმანი მოვიდა“. ის იყო ეგვიპტის დედოფალი და ფარაონ ეხნატონის (ამენჰოტეპ IV) მეუღლე. ნეფერტიტიმ და მისმა მეუღლემ მრავალღმერთიანობა ატონის – მზის ღმერთის კულტით შეცვალეს. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო. მიიჩნევა, რომ ის 15 წლის ასაკში დაოჯახდა და ჰყავდა 6 გოგონა და 1 ბიჭი. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ნეფერტიტი იყო ფარაონ ტუტანჰამონის დედა. მსოფლიოსთვის ცნობილი ის, მისი ბიუსტის აღმოჩნეის შემდეგ გახდა, რომელიც ამჟამად ბერლინის ალტეს მუზეუმშია დაცული. რეალისტური სახის პროპორციებით შექმნილი ქანდაკება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში მცხოვრები დედოფლის ზუსტ პროტოტიპს გადმოსცემს. ამიტომ, ნეფერტიტი დღემდეც, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მიიჩნევა.