დღეს განსაკუთრებული სავსე მთვარეა – ასტროლოგის განმარტება

დღეს, 31 აგვისტოს, განსაკუთრებული, სუპერმთვარეა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ასტროლოგი, დავით ნიბლაძე წერს:
“31 აგვისტოს, ზაფხულის ბოლო დღეს, განსაკუთრებული სავსე მთვარეა.
მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ თვეში უკვე მეორე სავსე მთვარეა (რაც საკმაოდ იშვიათია და ამის გამო მას ლურჯ მთვარეს უწოდებენ), ამავე დროს არის სუპერმთვარე (რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწასთან გაცილებით ახლოსაა).
მზე ქალწულშია, სავსე მთვარე კი თევზებში სატურნთანაა შეერთებული.
თევზებს ისედაც ახასიათებს წარსულსა და ხელიდან გაშვებულ შანსებზე ფიქრი. ამ დროს კი მერკური და ვენერა უკუმოძრავი გვაქვს, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს უკან ყურების ტენდენციას. წარსულში მიღებული არასასიამოვნო თუ სასიამოვნო გამოცდილება წარსულს ეკუთვნის – ის არ არის დღევანდელი რეალობა და არც მომავალში განმეორების გარანტიას გვაძლევს. წარსულში გადავარდნა აწმყოში, აქ და ახლა ყოფნის შანსს გვიზღუდავს, რაც თავისთავად, უკვე ახალ გაშვებულ შანსებს ნიშნავს. ამჟამინდელი პლანეტარული ენერგიები რომ შევკრიბოთ, საერთო შინაარსი რჩევის ფორმით ასეთია:
მიიღე წარსული ისეთად, როგორიც არის (კრიტიკის გარეშე), შეიყვარე შენი გამოცდილება, დაუკვირდი შენს შეგრძნებებს და ყველაფრის მიუხედავად, მიეცი თავს აწმყოში ყოფნის საშუალება.
თევზები ბოლო ნიშანია, რომელიც სიმბოლურად დასასრულს უკავშირდება, სატურნი ზედმეტის მოშორების დიდოსტატია, მზე ქალწულში კი უბადლო დამხარისხებელია, რომელსაც შეუძლია, ყველაფერს თავისი, სწორი ადგილი მიუჩინოს.
რისგან გჭირდება გათავისუფლება? რა არ გაძლევს მოსვენებას? რომელი ფიქრებისა და ემოციების გარეშე უფრო ლაღი იქნებოდა შენი ცხოვრება? ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას წაშლიდი შენი გონებიდან?
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ თევზები ყველაზე მიმტევებელი ნიშანია. ამიტომ თუ სადმე, რამეს არ პატიობ საკუთარ თავს და დღემდე ძველ დაშვებულ შეცდომებს ატრიალებ გონებაში, აუცილებლად გათავისუფლდი ამისგან. სანაცვლოდ, აჩუქე სიყვარული და მზრუნველობა საკუთარ თავს. გააკეთე რამე ისეთი, რითაც საკუთარ თავზე ზრუნვას გამოხატავ სატურნი აქაც შეგვახსენებს პასუხისმგებლობის სრულად აღების მნიშვნელობას, რომ მხსნელის ან სასწაულის მოლოდინის ნაცვლად ჩვენ თვითონ ვიმოქმედოთ. ისე მოექეცი საკუთარ თავს, როგორც საუკეთესო, ყველაზე ძვირფას მეგობარს ურჩევდი მსგავს სიტუაციაში.
შინაგან ჰარმონიას და ემოციურ კომფორტს გისურვებთ.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები