დღეს ახალმთვარეობაა – ასტროლოგის რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გავატაროთ დღე

ასტროლოგი დავით ნიბლიძე ახალმთვარეობასთან დაკავშირებით ზოდიაქოს ნიშნებისთვის რეკომენდაციებს გასცემს:

ახალი მთვარე

ახალი მთვარის დღე არის დრო, როდესაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გადავხედოთ ჩვენს გეგმებს, გავაანალიზოთ, რა უნდა მოვიშოროთ და რისკენ მივმართოთ ჩვენი ყურადღება. ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ. ახალი მთვარის თვისობრიობასა და გავლენას თითოეულ ჩვენგანზე მისი ნიშანი და კონკრეტული გრადუსი განსაზღვრავს.

ახალი მთვარე ამჯერად მშვილდოსნის მე-5 გრადუსზეა. ამავე ნიშანში იმყოფება მშვილდოსნის მმართველი პლანეტა იუპიტერიც, რომელიც თავის ბოლო დღეებს ითვლის საკუთარ ნიშანში.

ტრადიციული ასტროლოგიის მიხედვით, იუპიტერი დიდი სიკეთისა და ყველაზე დადებითი გავლენის მქონე პლანეტაა. იუპიტერს მოაქვს შესაძლებლობები, ოპტიმიზმი და იღბალი. ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ იუპიტერის პრინციპი, ეს არის “გაფართოება”. იუპიტერი აფართოებს ჩვენს ცნობიერებას და გვაჩვენებს მთლიან სურათს. არაფერია პატარა, რასაც იუპიტერი ეხება.

მიაქციეთ ყურადღება, სად, რა სფეროში გაქვთ ზრდის შანსი.მიეცით თავს დიდი, გრანდიოზული გეგმების დასახვის უფლება.გამოავლინეთ ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, გულწრფელობა, თავგადასავლებისა და თავისუფლების სიყვარული და დაფიქრდით, როგორ შეძლებთ ამ თვისებების სასარგებლოდ და პოზიტიურად გამოყენებას ცხოვრებაში.

ამჯერად შეგვიძლია, ფოკუსი ისეთ მიზნებზე გადავიტანოთ, რომელიც ჩვენი ცნობიერების ამაღლებასა და საზღვრების გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული. შედარებით მარტივად შევძლებთ მთლიანი სურათისა და მომავლის სცენარის დანახვას, თუმცა დიდია იმის ალბათობაც, რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩეს მნიშვნელოვანი დეტალები და ხელში მხოლოდ იმედები და ოცნებები შემოგვრჩეს. ამ ასტროლოგიური მაჩვენებლის კიდევ ერთი ე.წ. ხაფანგი დიდი, არარეალისტური მოლოდინების შექმნა და გაზვიადებაა. ნუ გააზვიადებთ ნურც პრობლემებს და ნურც შანსებს.

იუპიტერი საკუთარ ნიშანში 3 დეკემბრამდე დარჩება, ამიტომ თუ მოგზაურობასთან, ემიგრაციასთან და სწავლასთან დაკავშირებული თემები გვაქვს მოსაგვარებელი, ჯობია, მოქმედება სწორედ 3 დეკემბრამდე მოვასწროთ.

წინა ნიშნის, მორიელის ენერგიის შემდეგ მშვილდოსანი და იუპიტერი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეცვლის კრიტიკულ და პესიმისტურ დამოკიდებულებას სილაღითა და ოპტიმიზმით. მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიასა და მუტაბელურ ჯვარს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის გამოხატვა და ცვლილებების მიმართ ღიაობა წარმატების აუცილებელი წინაპირობაა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.

ასპექტები

ასპექტებიდან აუცილებად უნდა აღვნიშნოთ მარსისა და ურანის ოპოზიცია, რომელიც მოულოდნელობებს, დაუგეგმავ მოვლენებსა და აგრესიას იწვევს. ეს ასპექტი შექმნის განწყობას, თითქოს ყველა გაღიზიანებული, ცხოვრების ტემპი კი აჩქარებულია. მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან, ტექნოლოგიურ დანადგარებთან მუშაობისას და ბუნებრივ აირებთან ურთიერთობისას. ასეთ დროს არ არის რეკომენდებული ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღება, სულსწრაფობა და სიჯიუტე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოქნილობა. სიახლეებისა და ცვლილებების სურვილი ბუნებრივია, მაგრამ გარისკვა და იმპულსური მოქმედება არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს.

საწინააღმდეგო ტენდენციების მატარებელია მერკურის, ნეპტუნისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტები, რომელიც გრძელვადიანი გეგმების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. შეგვეძლება ინტუიციის, ლოგიკისა და პასუხისმგებლობის სინთეზი გავაკეთოთ და ისეთი მიზნები დავისახოთ, რომელიც თანაბრად იქნება როგორც სასიამოვნო, ისე სასარგებლო. მთავარია, არ დავკარგოთ რეალობის შეგრძნება და არაფერი გავაზვიადოთ.

მნივნელოვანია ასევე ვენერა-იუპიტერის შეერთება, რომელიც როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება. რეკომენდებულია ახალი ურთიერთობების წამოწყებაც და არსებულის გაუმჯობესებაც. იზრდება ბედნიერების გაზიარების, სიყვარულის გამოხატვისა და სხვებზე ზრუნვის სურვილი. ახალ მთვარემდე რამდენიმე საათით ადრე ვენერა ტოვებს მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში, სადაც 20 დეკემბრამდე დარჩება. მშვილდოსნური იდეალიზმისა და თავგადასავლების სიყვარულის შემდეგ თვალშისაცემი იქნება თხის რქისეული თავშეკავებულობა, სერიოზულობა და მოზომილობა სასიყვარულო ურთიერთობებში. მართალია, გრძნობების გამოხატვის ფორმა 20 დეკემბრამდე შედარებით აკადემიურ ფორმატში გადაიზრდება (მიუხედავად ახალი მთვარის დროს ვენერას იუპიტერთან შეერთებისა), მაგრამ სანაცვლოდ მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა პარტნიორის და ზოგადად, ურთიერთობების მიმართ. დიდია იმისი ალბათობაც, რომ სწორედ ამ ტრანზიტის დროს გადაწყვიტოს ბევრმა წყვილმა დაოჯახება და ურთიერთობის გაოფიციალურება. სასარგებლოა ფინანსების რეორგანიზებაც.

პერსონალური ზეგავლენა

აღნიშნული ტენდენციები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს ეხება, თუმცა ახალი მთვარის ენერგიას ყველაზე მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვისაც პირად რუკაში პლანეტები, ASC, DSC, IC და MC მუტაბელური ნიშნების (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) 0-10 გრადუსს შორის აღენიშნება. კონკრეტული ადამიანისთვის მიმდინარე და უახლესი პლანეტარული გავლენის შესაფასებლად აუცილებელია პირადი რუკის შედგენა და მისი სიღრმისეული ანალიზი.

ცვლილებები იწყება გაცნობიერებით. პირადი ასტროლოგიური რუკა კი სწორედ საკუთარი თავის შეცნობასა და პოტენციალის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენებაში გვეხმარება.

☑იმ შემთხვევაში თუ ისარგებლებთ astrolabe-ს სერვისებით, გავაანალიზებთ როგორც თქვენს დაბადების რუკას, ასევე მიმდინარე და უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ტენდენციებს, გაგიზიარებთ ინდივიდუალურად თქვენთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს და ერთად დავგეგმავთ თქვენს წარმატებას.

ოპტიმიზმსა და ზრდას გისურვებთ!მადლობა, რომ ჩემთან ხართ! —————–თქვენი მეგობარი ასტროლოგი დავით ნიბლაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები