დღეს ახალი მთვარეა – ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილებები ზოდიაქოს ნიშნებს

20 ივლისს ახალი მთვარეა
პიკი – 21:33სთ (საქართველოს დროით).

ასტროლოგი დავით ნიბლაძე ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს:

“ამ ზაფხულს ახალი მთვარე უკვე მეორედ გვაქვს კირჩხიბის ნიშანში, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. პირველი ახალი მთვარე ამ ნიშნის დასაწყისში იყო, ახლა კი კირჩხიბის მიწურულს გველოდება.

ახალი მთვარე ზუსტ ოპოზიციაში იმყოფება რეტროგრადულ სატურნთან თხის რქაში, რაც ისევ კირჩხიბი-თხის რქას ღერძზე ერთგვარად ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიებს ააქტიურებს.

კირჩხიბში იმყოფება მზე, თავად კირჩხიბის მმართველი მთვარე და მერკური, რაც შეგვახსენებს, რომ ჩვენი ემოციები, შინაგანი სამყარო, ოჯახი, საყვარელი ადამიანები და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ეს არის შინაგანი, ოჯახური სიმყუდროვისა და კომფორტის ნიშანი თავისი ინტუიციით, მძაფრი შეგრძნებებითა და ემოციური სიღრმეებით. ამ ენერგიის დაპირისპირება სატურნთან ისევ გარკვეული შეზღუდვებისკენ, ჩარჩოებისკენ, საზღვრებისკენ, პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებებისაკენ მიგვითითებს. სინთეზურად რომ შევაფასოთ ეს კომბინაცია, მივიღებთ ასეთ სურათს ვაცნობიერებთ სითბოს, ყურადღებისა და ზრუნვის საჭიროებას და ამავე დროს, განვიცდით ამ ყველაფრის დანაკლისს. ეს ასპექტი აძლიერებს მარტოობის, მოწყენილობისა და დისტანცირების განცდას, შეგრძნებას, თითქოს ვერ ვიღებთ იმას, რაც გვჭირდება. ასევე შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ საყვარელი ადამიანი გაცივდა ან/და შეიცვალა. გაზრდილი უკმაყოფილების შეგრძნება კი შესაძლოა, საყვედურებსა და შემდგომ კონფლიქტებშიც გადაიზარდოს. ამიტომ, გაცილებით ჭკვიანური იქნება თუ გავაცნობიერებთ ჩვენში თუ ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს და საყვედურის ნაცვლად, ჩვენ თვითონ გამოვხატავთ ინიციატივას, სითბოსაც, მზრუნველობასაც და სიყვარულსაც.

იმის გათვალისწინებით, რომ რეტროგრადულია სატურნი, შეიძლება, ვთქვათ, რომ ასე თუ ისე „მიძინებულ“ პოზიციაშია და თუ მთვარისა და სატურნის ენერგიებს სასწორზე შემოვდებთ, დიდია ალბათობა, რომ სწორედ მთვარის ემოციურ ფონზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გადაწონოს. შეცდომების დაშვება და ცხოვრებით ტკბობა ხანდახან „მოსულა“ და ბევრიც იქცევა ასე, თანაც ზაფხულში, როდესაც ყველა დასვენებასა და გართობაზეა ორიენტირებული, მაგრამ მთავარია, რა იქნება ამ ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გაგრძელება და შედეგი მაშინ, როდესაც სატურნი დაასრულებს უკუსვლას და მთელი თავისი სიძლიერით განაგრძობს წინ მოძრაობას ისევ საკუთარ ნიშანში (სექტემბრის ბოლოდან). ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ ემოციურ საჭიროებებზე დამყარებული გადაწყვეტილებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რაციონალიზმიც, რომელიც სწორედ სატურნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. რეტროგრადული სატურნის დროს დიდი ალბათობაა იმის, რომ რეალობა ვერც დავინახოთ და ვერც შევაფასოთ. იმპულსურ და დაუფიქრებელ მოქმედებას ასტიმულირებს ასევე მარსისა და ლილიტის ტრანზიტიც ვერძში, რაც ასევე საჭიროებს ყურადღებას. „წიწილებს შემოდგომით ითვლიანო“,- ალბათ გსმენიათ.

სატურნი წელს შემოდგომით ნამდვილად „დაითვლის წიწილებს“. ამიტომ ვეცადოთ, მაქსიმალურად გააზრებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები

ახალ მთვარეს მშვენიერი კავშირი აქვს ნეპტუნთან, რაც მთელ სცენარში საკმაოდ პოზიტიურ როლს ასრულებს. მოვუსმინოთ შინაგან ხმას, დავუჯეროთ ინტუიციას, გავატაროთ დრო ბუნებასთან ახლოს, ვკონცენტრირდეთ შეგრძნებებზე და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ეს მიდგომა დაგვეხმარება მშვიდად და აუღელვებლად გავიაროთ ნებისმიერი დაბრკოლება.

22 ივლისიდან მზე დატოვებს კირჩხიბს და ერთი თვით უკვე საკუთარ ნიშანში, ლომში გადაინაცვლებს. ეს მოვლენა რადიკალურად შეცვლის განწყობას. გაიზრდება გართობის, თავგადასავლებისა და მხიარულების სურვილი, რაზეც მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ, როდესაც დეტალურად შევაფასებთ მერწყულში სავსე მთვარისა და ლომში ახალი მთვარის ენერგიებს.

ახალი მთვარის დღეს ნუ გარისკავთ, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ წუწუნა და ნეგატიური აზროვნების მქონე ადამიანებს და მაქსიმალურად კონცენტრირდით სასარგებლო მიზნებზე. ამ დროს შეგიძლიათ, მომდევნო ერთი თვის სამოქმედო გეგმაც შეადგინოთ, თუმცა მოქმედებას ამ დღეს ნუ დაიწყებთ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საჭესთან, საგზაო გადასასვლელებთან და ღრმა წყალთან ურთიერთობისას. არ არის რეკომენდებული მძიმე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებაც.

კირჩხიბის სიმბოლო უსასრულობასა და ევოლუციას უკავშირდება, ამიტომ არ გაჩერდეთ, დაგეგმეთ სასარგებლო ნაბიჯები, რაც სულიერად თუ მატერიალურად წაგწევთ წინ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ ძლიერი რწმენისა და გააზრებულად მოქმედების შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება!“ – ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები