„დღეიდან ნოდარ მელაძე “ტვ პირველის” გენერალური პროდიუსერია“ – ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დატოვების შემდეგ, ნოდარ მელაძე „ტვ პირველზე“ გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია ავრცელებს და აღნიშნულს ვრცელ სტატუსსაც უძღვნის:

„ნოდარ მელაძე  ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან ტვ ,,პირველის,, მთავარი პროდიუსერი.

უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდიუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს, სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი.

მისი მოსვლა ტვ ,,პირველისთვის,, უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია.

არხის მთავარ პროდიუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით.

წარმატებები, ნოდარ, ახალ პოზიციაზე, ახალი ენერგიითა და ახალი გეგმებით.

ვიცი, რას ნიშნავს პროფესიული საქმიანობის ხელახლა, ნულიდან დაწყება, შენც იცი… გამოცდილი გაქვს და ყოველი ასეთი ახალი ეტაპი კიდევ უფრო დიდი წარმატება იყო ხოლმე შენთვის!

კეთილი იყოს შენი ფეხი არხზე, სადაც თავის დროზე მეგობრების დასახმარებლად პირველი აგური შენ დადე, ნიუსის პირველი მუსიკა შენ შეარჩიე და პირველი შეფუთვა და სტუდიაც შენი ხელით გაგვიკეთე ისე, უანგაროდ… მაშინ, ალბათ, ძნელად წარმოგედგინა, ოდესმე აქ თუ მოგიყვანდა შენი ცხოვრების გზა…

სულ ვიცოდი, რომ ოდესმე ერთმანეთს ისევ გადავეკვეთებოდით.

ერთად ბევრ მაგარ პროექტს გავაკეთებთ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სტატუსს ვწერ.

დღეიდან ნოდარ მელაძე  ტვ ,,პირველის,,  გენერალური პროდიუსერია. P.s-უკვე დაიწყო ოფისის “დანგრევა” პირველივე დღიდან“.

კომენტარები

სხვა სიახლეები