ჯერ კიდევ სამ თებერვალს, გამთენიისას სავსე მთვარეობამ ლომის ზოდიაქოში საკმაოდ აქტიური საფუძველი ჩაუყარა სამომავლოდ გარკვეული მოლოდინების გამტყუნების დიდ ალბათობას. ზოგადად, სავსე მთვარე ემოციურ მგრძნობელობას აძლიერებს ადამიანებში, მას ასევე უკავშირდება მადის მატების ტენდენცია ქალბატონებში და სითხის ბალანსის დარღვევა ზოგადად, ორგანიზმში. თუმცა ამჯერად სავსემთვარეობა სხვა დანარჩენ პლანეტარულ კონფიგურაციებთან ერთად საკმაოდ გააქტიურებს ფინანსური საკითხების თემას ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს ის პერიოდია, როცა სხვადასხვა ჯურის აფერისტები და ფინანსური მაქინაციის მოყვარული ტიპები გამოდიან ასპარეზზე.
ასევე აქტიურობს ხალხი, ვისაც კარიერულ სარბიელზე “მღვრიე წყალში თევზის ჭერის” კარგი გამოცდილება და მიდრეკილება გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი წინადადება, რომელსაც 12 თებერვლამდე მივიღებთ, დანაპირების ზუსტად მეხუთედს შეიძლება შეესაბამებოდეს საბოლოო ჯამში. ამიტომ ნუ იჩქარებთ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ერთი შეხედვით სარფიანი ინვესტორების, მეცენატების ან უბრალოდ მაღალჩინოსნებისკენ ვინც პერსპექტიული მომავლის ხატვით შეეცდება თქვენს გადაბირებას. ჯერჯერობით არ არის სასურველი კარდინალური გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს თუ საქმე სამსახურის ცვლილებას შეეხება, ფინანსური მოტივაციის კუთხით.